მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

Zuzumbo Resort & Spa-ში ინფრასტრუქტურა განახლდა - რეზორტი ახალ სეზონს გაფართოებული სერვისებით ხვდება

news image
mbc image

კახეთში მდებარე Zuzumbo Resort & Spa მიმდინარე ტურისტულ სეზონს აქტიურად ხვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ლიკა პარწიკანაშვილმა განაცხადა, მოთხოვნა სტაბილურად ნარჩუნდება, ხოლო ვიზიტორთა უმრავლესობას ადგილობრივი დამსვენებლები წარმოადგენენ. მისივე თქმით, სასტუმრომ მიმდინარე სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განაახლა და სტუმრებს ახალი სერვისებიც შესთავაზა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

მიმდინარე სეზონისთვის სასტუმროს ნომრებს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ და ინფრასტრუქტურა განვაახლეთ. მათ შორისაა ახალი სპორტული სტადიონი და ღია ცის ქვეშ მოწყობილი სატრენაჟორო სივრცე, რომელიც მალე დაგვემატება. პარალელურად, ვაფართოებთ სარესტორნო მომსახურებას და სტუმრებს ტყის გარემოში დამატებით გასტრონომიულ სივრცეებს ვთავაზობთ.

როგორც მოგეხსენებათ, სარესტორნო მიმართულებით რამდენიმე განსხვავებული სივრცე გვაქვს და ჯამურად 300-მდე სტუმრის მიღება შეგვიძლია. რაც შეეხება კონკრეტულად ერთ ლოკაციას, ყველაზე დიდი სივრცე მაქსიმუმ 180 ადამიანზეა გათვლილი.

როგორ აფასებთ მოთხოვნას მიმდინარე სეზონზე?

ჩვენი სასტუმრო რეზორტული ტიპისაა და ვიზიტორთა შორის ადგილობრივი დამსვენებლები ჭარბობენ. ვფიქრობ, ეს ტენდენცია მხოლოდ ჩვენს ობიექტს არ ეხება და ზოგადად საქართველოს ტურიზმის სექტორში ადგილობრივი ვიზიტორების წილი კვლავ მაღალია.

კორპორატიული ღონისძიებების მიმართულებით მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით გარკვეულწილად შემცირებულია. დღეს კომპანიები უფრო მცირე ზომის სასტუმროებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც შესაძლებელია მთელი სივრცის ექსკლუზიურად დაჯავშნა. ჩვენ ერთდროულად 220-მდე სტუმრის განთავსება შეგვიძლია, ამიტომ შედარებით მცირე ჯგუფებზე გათვლილი კორპორატიული შეკვეთების რაოდენობა ნაკლებია. მიუხედავად ამისა, მოთხოვნა სტაბილურად არის შენარჩუნებული.

ამასთან, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინდივიდუალური სტუმრების რაოდენობა. ჩვენი ძირითადი დატვირთვა სწორედ ამ სეგმენტზე მოდის. რეკრეაციული გარემო და ბუნებასთან სიახლოვე ჩვენს ობიექტს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ოჯახური დასვენებისთვის. სწორედ ამიტომ, აქტიურად გვსტუმრობენ ოჯახები, მეგობრები და წყვილები.

როგორია Zuzumbo Resort & Spa -ს სამომავლო გეგმები?

ჩვენი მთავარი აქცენტი არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და სტუმრებისთვის კიდევ უფრო კომფორტული გარემოს შექმნაზეა გაკეთებული. მიმდინარე წლის ძირითადი საინვესტიციო პროექტები სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება.

Zuzumbo Resort & Spa კახეთში, თელავის ისტორიულ უბან ზუზუმბოზე მდებარეობს. 6 ჰექტარ ფიჭვნარში გაშენებული კომპლექსი დედაქალაქიდან მხოლოდ საათ-ნახევრის სავალზეა და სტუმრებს კავკასიონის, ცივ-გომბორის, ალაზნის ველისა და თელავის შთამბეჭდავი პანორამული ხედებს სთავაზობს ბუნების გარემოცვაში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გერმანიის ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ვართ სამ მსხვილ ალკოჰოლური სასმელების საცალო ქსელში | „ჩელთის“ კომერციული დირექტორი

21.08.2026.12:00

„ჩელთი“ ქართული ღვინის ბრენდია, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად ვითარდება და დღეს უკვე 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიის 2026 წლის პირველი 6 თვის შედეგების, საექსპორტო მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი, ანა მირიანაშვილი ესაუბრა.

როგორი იყო 2026 წლის პირველი 6 თვე კომპანიისთვის - რა შედეგებით, სიახლეებითა და საერთაშორისო აქტივობებით გამოირჩეოდა ეს პერიოდი?

წელი საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ. პირველი საერთაშორისო აქტივობა მადრიდში, Madrid Fusion-ზე გვქონდა, სადაც ესპანეთის ბაზარზე ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გავამყარეთ. დღეს, „ჩელთის“ ღვინო წარმოდგენილია თითქმის ყველა მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანში და ასევე არაერთ ადგილობრივ, ესპანურ რესტორანშიც.

შემდეგ მონაწილეობა მივიღეთ Wine Paris Expo-ზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის გამოფენაა. თუ ადრე ეს გამოფენა დიუსელდორფში ტარდებოდა, ახლა უკვე პარიზშია გადმოტანილი და საერთაშორისო შეხვედრების ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს. იქ შევხვდით პარტნიორებს როგორც აზიიდან, ისე ამერიკიდან და ევროპიდან. ფაქტობრივად, პარიზში უკვე თებერვალში განვსაზღვრეთ წლის ძირითადი პროგნოზები და დაგეგმილი აქტივობები.

ამავე პერიოდში შევხვდით ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებსაც. წელს ჩვენი ღვინო შევიდა ბრიტანეთის ერთ-ერთ ცნობილ ქსელში, რამაც გაყიდვების ზრდას შეუწყო ხელი.

შემდეგ გადავინაცვლეთ დიუსელდორფში, სადაც გერმანიის ბაზარზე სხვადასხვა აქტივობა განვახორციელეთ. დიუსელდორფში ყოველწლიურად ჩავდივართ, რადგან გერმანიის ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იქ წარმოდგენილი ვართ სამ მსხვილ ალკოჰოლური სასმელების საცალო ქსელში და გვაქვს თანამშრომლობა. ყოველწლიური ვიზიტების მიზანია არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერება, ახალი პროდუქციის წარდგენა და გერმანელი მომხმარებლისთვის ჩვენი ბრენდის კიდევ უფრო მეტად გაცნობა.

შემდეგი მიმართულება დიდი ბრიტანეთი იყო, სადაც მონაწილეობა მივიღეთ London Fashion Week-ის ფარგლებში გამართულ აქტივობებში როგორც „ჩელთის“, ისე Tipsy Baby-ის ბრენდებით. Tipsy Baby უფრო ახალგაზრდულ სეგმენტზეა ორიენტირებული. ლონდონში ასევე ჩავატარეთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის Pop-up აქტივობები. ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ვგეგმავთ. დაახლოებით 2-3 თვეში ერთხელ ჩავდივართ ბრიტანეთში, რათა ბრენდის პოზიციები კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

აქტიურად ვმუშაობთ ამერიკის ბაზარზეც. უკვე გავაგზავნეთ პროდუქცია და დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობა. პერიოდულად ვმონაწილეობთ სომელიეებისა და ღვინის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რაც ამერიკულ ბაზარზე ცნობადობის გაზრდაში გვეხმარება.

ასევე გვქონდა აქტივობები იაპონიაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ნაწილობრივი თანადაფინანსებით მონაწილეობა მივიღეთ Road Show-ში, რომელიც იაპონიის სამ ქალაქში გაიმართა. მათ შორის ვიყავით იმ რეგიონებშიც, სადაც აქამდე ქართული ღვინო ნაკლებად იყო წარმოდგენილი. იაპონიაში უკვე გვაქვს პოზიციონირება, თუმცა ახლა ახალი პარტნიორობების ეტაპზე ვართ და ველოდებით, რომ ეს თანამშრომლობები რეალურ შეკვეთებში გადაიზრდება.

ჩინეთის მიმართულებითაც აქტიურად ვვითარდებით. ჩენდუში საერთაშორისო გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა. გასულ წელს ჩინეთში შევქმენით საკუთარი საწყობი და დავაარსეთ კომპანია, ხოლო 2026 წელს უკვე ამ მიმართულების პირველი შედეგები გამოჩნდა. გვიკავშირდებიან როგორც მცირე დისტრიბუტორები, ასევე კერძო მყიდველები.

ჩინეთში ციფრული მარკეტინგის მიმართულების გაძლიერებას ვგეგმავთ - განსაკუთრებით WeChat-ისა და სხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. ასევე ვიყენებთ Alibaba-ს პლატფორმას, სადაც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ქართული პროდუქტები განთავსდა და მათ შორის ჩვენი ღვინოც არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება გაყიდვების მიმართულებებს, ორი ძირითადი არხი გვაქვს: ერთი არის HoReCa-ს მიმართულება - რესტორნები, სასტუმროები, დისტრიბუტორები და პარტნიორები, ხოლო მეორე - პირდაპირი გაყიდვები მომხმარებელზე ელექტრონული კომერციის პლატფორმების საშუალებით. ბოლო პერიოდში გავაფართოვეთ იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ონლაინ შეკვეთა არის შესაძლებელი და დღეს უკვე თითქმის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ მომხმარებლებს ჩვენი პროდუქციის შეძენა Chelti.com -ის საშუალებით.

რა შედეგები ჰქონდა კომპანიას ღვინის კონკურსებსა და შეფასებებში?

საერთაშორისო შეფასებებში საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა. საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო ღვინის კონკურსზე წარმატებული შედეგი ვაჩვენეთ - წარმოდგენილი ხუთი კატეგორიიდან ოთხში ოქროს მედალი მივიღეთ.
ასევე აქტიურად ვაგზავნით ნიმუშებს სხვადასხვა საერთაშორისო დეგუსტაციებზე. „ჩელთის“ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ სტაბილური ხარისხია - წლიდან წლამდე, ახალი მოსავლის ღვინოები საერთაშორისო შეფასებებზე მაღალ შედეგებს აჩვენებს და ხშირ შემთხვევაში ოქროს მედლებით ფასდება.

რა გეგმები გაქვთ წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

ამ ეტაპზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივ ბაზარზე კორპორატიული გაყიდვების მიმართულების გაძლიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე ბევრი პარტნიორი გვყავს, გვინდა, უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან - იქნება ეს ნავთობის კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, მსხვილი ჰოლდინგები თუ სხვა ბიზნესები, რათა მათთვის კორპორატიული ღონისძიებებისა და საჩუქრებისთვის ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.

შემდეგ ეტაპზე იგივე სტრატეგიის ევროპულ ბაზრებზე გადატანასაც ვგეგმავთ.

რაც შეეხება ექსპორტს, რთველამდე ვაგზავნით ძირითად შეკვეთებს, შემდეგ კი რთველის პერიოდში დაახლოებით ორი თვით ვაჩერებთ პროცესს და შემდგომ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ ექსპორტს. ახლა საკმაოდ დატვირთული პერიოდია - პროდუქცია იგზავნება უკრაინაში, გერმანიაში, ჩინეთში, ამერიკასა და სხვა ბაზრებზე.

ამ ეტაპზე უკვე 28 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ახლო პერიოდში ახალი ქვეყნების დამატებაზე მეტად იმ ბაზრების გაძლიერებაზე ვაკეთებთ აქცენტს, სადაც უკვე ვართ. ყოველწლიურად მინიმუმ 20%-იან ზრდა გვაქვს და მიმდინარე წელსაც იგივე ტენდენციას ვინარჩუნებთ.

პარალელურად ვაგრძელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, დეგუსტაციებს, სომელიეებთან თანამშრომლობას და სხვადასხვა ღონისძიებებს. წელს კიდევ გვექნება ორი დიდი გამოფენა ჩინეთში, ასევე მცირე აქტივობები ევროპაში - ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილია სხვადასხვა კამპანიები, გათამაშებები და ბრენდის ცნობადობის გასაზრდელი ღონისძიებები.

ღვინის ბაზარი ძალიან დინამიკურია და ბრენდის განვითარებისთვის მუდმივი ინვესტიციაა საჭირო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად განვვითარდეთ და მომხმარებელს ახალი გამოცდილება შევთავაზოთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა