რომელი კომპანიების სახელებს იყენებენ ყველაზე ხშირად კიბერთაღლითები
კიბერთაღლითები ონლაინ სივრცით მოსარგებლე მომხმარებლებზე შეტევის განსახორციელებლად , სულ უფრო ხშირად იყენებენ გლობალურად ცნობილი კომპანიების სახელსა და სიმბოლიკას, რათა ჩვენ ნაკლები ეჭვი შევიტანოთ შეტყობინების ნამდვილობაში და მეტი ალბათობით მივყვეთ ბმულზე გადასვლის ან კონფიდენციალური მონაცემების შეყვანის მოწოდებას.
ვინაიდან მსხვილი კომპანიების პროდუქტებს მოსახლეობის დიდი ნაწილი იყენებს, მსგავსი სატყუარას მსხვერპლიც ბევრი ადამიანი ხდება.
უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, კიბერთაღლითების მიერ ხშირად გამოყენებულ ბრენდებს შორის არიან ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორიცაა: Microsoft-ი, LinkedIn-ი, Apple-ი, WhatsApp-ი, Instagram-ი და სხვა.
სწორედ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბრენდების სახელებისა და კორპორაციული სიმბოლიკის გამოყენებით, აწარმოებენ კიბერთაღლითები ონლაინ სივრცეში შეტევებს და ცდილობენ კონფიდენციალური პირადი და ფინანსური ინფორმაციის მოტყუებით მოპოვებას.
მსგავსი შეტევები შესაძლოა, იყოს შემდეგი შინაარსის: ბრენდის მიერ ელ-ფოსტის ვერიფიკაციის მოწოდება, ვირტუალური საცავის გადავსების შეტყობინება, ფასდაკლება ბრენდის პროდუქციაზე, სოციალური მედია აპლიკაციის მოწოდება ბმულზე გადასვლისთვის. განსაკუთრებული ფასდაკლებით სარგებლობისთვის და სხვა.
სინამდვილეში ამ მოთხოვნებს მომხმარებლები გადაჰყავს ყალბ ვებ-გვერდზე, სადაც მოტყუებულ მომხმარებელს პერსონალური, ფინანსური და საბარათე მონაცემები შეჰყავს. მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება კიბერთაღლითისთვის და შედეგად, მომხმარებელს ანგარიშიდან თანხა ეჭრება.
რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ გავხდეთ მსგავსი სატყუარების მსხვერპლი?
1. ყოველთვის გადაამოწმეთ ელ-ფოსტაზე მიღებული შეტყობინების გამომგზავნი (ვინაობა, დომენი) და თუ თქვენი აქტიური ჩართულობით არ არის მოთხოვნილი ინფორმაციის გამოგზავნა, არასდროს დააჭიროთ უცნობისგან მიღებულ ბმულს, არ გადახვიდეთ მასზე და არ ჩამოტვირთოთ ფაილი;
2. ყველა პლატფორმაზე, სადაც აღნიშნულის საშუალება არსებობს, გაააქტიურეთ მულტიფაქტორული ავთენტიფიკაცია - გარდა მომხმარებლის სახელის და პაროლისა, დამატებითი ფაქტორით მოხდება იმის გადამოწმება, რომ ესა თუ ის ანგარიში ნამდვილად ეკუთვნის თუ არა მის მოსარგებლეს;
3. არასდროს მიჰყვეთ მესამე, გარე მხარის მოწოდებას კონკრეტული ქმედების განსახორციელებლად. სანაცვლოდ, ყოველთვის განახორციელეთ ონლაინ ტრანზაქცია თქვენ მიერ საძიებო სისტემით მოძიებული ან/და საძიებო სისტემაში აკრეფილ ნაცნობ მისამართზე, უშუალოდ თქვენს მოწყობილობაში ჩამოტვირთული აპლიკაციიდან (მაგ. ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე თქვენ თვითონ შედით და გაიარეთ ავტორიზაცია, კომუნალური გადახდები განახორციელეთ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სივრციდან, გადაიხადეთ მობაილ-ბანკის აპლიკაციიდან და ა.შ);
4. მუდმივად განაახლეთ თქვენი მობილური ტელეფონის, ტაბლეტის, პერსონალური კომპიუტერის ოპერაციული სისტემა და ანტივირუსული სისტემები.
5. ისარგებლეთ მხოლოდ ოფიციალური ვებ-გვერდებით და ახალი აპლიკაციები გადმოწერეთ მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან.
სხვა სიახლეები
ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაკურიანში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბურ პროექტებს გაეცნო
22.07.2026.16:35
„დღეს ბაკურიანში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობას. ასევე მოვინახულეთ სათავე ნაგებობა, სადაც სამუშაოები პრაქტიკულად უკვე დასრულებულია“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
მინისტრი ბაკურიანში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
რევაზ სოხაძესთან ერთად პროექტები დაათვალიერეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე ორჯონიკიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში სამ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც ახალი სათავე ნაგებობის, რეზერვუარების, საფილტრი და სატუმბი სადგურების, მაგისტრალური მილსადენების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მშენებლობას, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოიცავს.
„მსურს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ბაკურიანის მოსახლეობას, ტურისტებსა და დამსვენებლებს იმ დროებითი დისკომფორტისთვის, რომელიც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახლავს. კარგად გვესმის, რომ მასშტაბური პროექტების განხორციელება გარკვეულ შეზღუდვებს იწვევს, თუმცა ეს სამუშაოები ბაკურიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
პირველი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობის გაფართოება-რეკონსტრუქცია და ახალი რეზერვუარების მშენებლობა. ამ ეტაპზე მოწყობილია 15.4 კილომეტრი წყალმომარაგების და 18 კილომეტრი წყალარინების ქსელი, ასევე 562 რკინაბეტონის ჭა. სამუშაოების დაახლოებით 50% უკვე შესრულებულია.
მეორე პროექტის ფარგლებში უკვე მოწყობილია 19.3 კილომეტრი წყალმომარაგების და 17.3 კილომეტრი წყალარინების ქსელი, ასევე 387 რკინაბეტონის ჭა. სამუშაოები მიმდინარეობს აღმაშენებლის, წაქაძის, სადგურისა და გოგოლაძის ქუჩებზე, ასევე კოხტა-მიტარბის მიმართულებით. პროექტის შესრულების მაჩვენებელი 43%-ს შეადგენს.
მესამე პროექტის ფარგლებში სოფელ ტიმოთესუბანთან შენდება ახალი სათავე ნაგებობა და სატუმბი ინფრასტრუქტურა. დასრულების ეტაპზეა საფილტრი სადგურის მშენებლობა, მოწყობილია ორი ახალი, თითოეული 3 000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარი და სრულად აშენებულია დაახლოებით 4.8-კილომეტრიანი მაგისტრალური მილსადენი. პროექტის ფარგლებში სამუშაოების 68% შესრულებულია.
ადგილზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე სამუშაოების კოორდინაციასა და შესრულების ტემპს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, სამუშაოები მაქსიმალურად კოორდინირებულად და ინტენსიურად წარიმართოს, რათა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობის დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყოს დაზიანებული ქუჩებისა და საგზაო საფარის აღდგენა.
„ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ძირითადი სამუშაოები დასრულდება და უკვე მომავალი წლიდან ბაკურიანს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, გამართული წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები. ამასთან, პარალელურად ვიწყებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რათა მიმდინარე სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა სოხაძემ.
პროექტების დასრულების შემდეგ, ბაკურიანის 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 140 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.