1-ელი თებერვლიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ სამშენებლო მომსახურებით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით ცვლილებები ამოქმედდება
2025 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში. კერძოდ, დადგენილების დანართ №5-ს („შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში“) დაემატა მე-12 პუნქტი.
ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით (1% და 3%) არ დაიბეგრება საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016-ის“ 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, თუ აღნიშნული მომსახურების მიმღებს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი. შესაბამისად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული საქმიანობ(ებ)ით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება საერთო წესით (20 %).
სრულად ცვლილების სანახავად იხილეთ ბმული
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826