10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის მშენებლობაში ჩართული არც ერთი კომპანია დასანქცირებული არ არის - მინისტრი
ინფორმაცია, რომ რიკოთის რეაბილიტაცია სანქცირებულ კომპანიებს დაევალათ სიცრუეა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რიკოთის 4 მონაკვეთზე, ოთხი სხვადასხვა კომპანია მუშაობს, რომლებიც 10 აგვისტოს მდგომარეობით სანქცირებულთა სიაში არ იყვნენ:
"საუბარი იმაზე, რომ ეს კომპანია სანქცირებულია და საქართველოს მთავრობამ რიკოთის გვირაბი მისცა, პროექტი ჩააბარა, არავისთვის არაფერი მიგვიცია და არ ჩაგვიბარებია და მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პროცედურის მკაცრი დაცვით მოხდა შესაბამისი კომპანიების, გამარჯვებულების შერჩევა. რიკოთის 4 მონაკვეთზე 4 სხვადასხვა კომპანიაა, გამარჯვებულებად გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ყველა ის მოთხოვნა, რაც იყო და მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რაც ვერ გაფორმდებოდა თუ კომპანია იქნებოდა სანქცირებული. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.
მკაცრად განსაზღვრულია "ფიდიკის" ტიპის ხელშეკრულებები, რომელიც განსაზღვრავს როგორ ვითარდება პროექტი და მათ შორის რა არის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და გარემოებები. სანქცირება, დაუშვათ, არ არის ამ ჩამონათვალში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც საავტომობილო დეპარტამენტს ვთხოვე ღია წყაროებში გადაემოწმებინათ აღნიშნული კომპანიები იყვნენ თუ არა სანქცირებულთა სიაში და 10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის პროექტში ჩართული კომპანია არცერთი არ იმყოფება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სანქცირებულთა ანუ შავ სიაში.
მე მგონი ყველა ის ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე, აბსოლუტური ტყუილი და ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს" - განაცხადა ქარსელაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826