11 წელიწადში საშუალოდ წლიურად დასრულდა 2.1 მლნ. კვ.მ ფართობის მშენებლობები - ირაკლი ღარიბაშვილი
ბოლო 11 წელიწადში საშუალოდ წლიურად დასრულდა 2.1 მლნ. კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წელს 2012 წელთან შედარებით მინიმუმ გაორმაგებულია. სასოფლო სამეურნეო მიწის საშუალო ფასები 3.5-ჯერ არის გაზრდილი, რაც ძალიან დიდი მოტივაციაა ფერმერებისთვის და მოქალაქეებისთვის.
„კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი მინდა გაგიზიაროთ. ინფორმაცია შეეხება დასრულებულ მშენებლობებსა და ზოგადად უძრავი ქონების ფასს. ხომ საინტერესოა, ზოგადად გავიხსენოთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წელს და დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ სექტორში. 2013 წლიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების საერთო ფართობმა 23.5 მლნ. კვ.მ შეადგინა. მათ შორის: დასრულებული საცხოვრებელი შენობების საერთო ფართობი 15.1 მლნ. კვ.მ-ს შეადგენს. ბოლო 11 წელიწადში საშუალოდ წლიურად დასრულდა 2.1 მლნ. კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას. 0.8 მლნ. კვ. მ იყო მაშინ.
მათ შორის, აჭარაზე მინდა მოგახსენოთ. 2013-2022 წლებში აჭარაში საშუალოდ წლიურად 307 ათას კვ.მ შენობების მშენებლობა დასრულდა, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლების საშუალო მაჩვენებელს. მაშინ იყო 90 ათასი კვ.მ. დღეს არის 300 000. ეს კონკრეტული შედეგი ასევე წარმოგიდგინეთ.
ამასთან, 2013-2022 წლებში საშუალოდ 1,4 მლნ. კვ.მ ფართობის საცხოვრებელი შენობები იქნა მიღებული ექსპლუატაციაში, რაც 4.5-ჯერ აღემატება 2012 წლამდე საშუალო მაჩვენებელს. 0.3 მლნ. კვ. მ. იყო მაშინ. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წელს 2012 წელთან შედარებით გაორმაგებულია მინიმუმ. სასოფლო სამეურნეო მიწის საშუალო ფასები 3.5-ჯერ არის გაზრდილი. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი მოტივაცია ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826