157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას - ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი l პრემიერი
ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამისთვის გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები.
„განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებულ რეფორმებზე.
დავიწყებ ენერგეტიკის სექტორით,სადაც განხორციელდა სექტორის გამოწვევების სრული ანალიზი და მომზადდა განვითარების 10-წლიანი გეგმა. ასევე დაინიცირდა ქსელის წესებში ცვლილება და მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესი. მთელი რიგი მანკიერი პრაქტიკები იყო ჩამოყალიბებული ენერგეტიკის სექტორში. აღმოიფხვრა მთლიანად გასული წლის განმავლობაში დაჯავშნილი დაერთების ნებართვების გაცემის ვადების გახანგრძლივების და ნებართვების გადაყიდვის ასეთი მანკიერი პრაქტიკები, რაც თვისობრივად დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, როდესაც 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. ესეც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში, ასეთი არსებითად 6 საწარმოა, განხორციელდა შტატების ოპტიმიზაცია, შედეგად ჩვენ ყოველწლიურად წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი. მთლიანობაში ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში გაუქმდა 979 საშტატო ერთეული. დანაზოგმა შეადგინა თითქმის 25 მილიონი ლარი.
ასევე განხორციელდა შესყიდვების ოპტიმიზაცია და საკონტრაქტო ღირებულებების შემცირება და ამ ყველაფრის ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 348 მილიონი ლარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებში - ავთანდილ კასრაძე
26.06.2026.14:40
GITA-ს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე წლიდან ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი ოპერირებს, რომელთა მთავარი მიზანი ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე გასვლაა. GITA-ს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ემ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ქსელისა და წამყვან ტექნოლოგიურ გამოფენებში მონაწილეობის პარალელურად, წელს სააგენტო სტარტაპებისთვის ახალ მიმართულებას - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარსაც ხსნის და ამ მიზნით სინგაპურში აქტიურობას გეგმავს.
„ასეთ გიგანტებთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია იმისთვის, რომ ჩვენი სტარტაპები გლობალური ქსელის ნაწილად იქცნენ. გარდა ამისა, წლევანდელი წლიდან საქართველოში უკვე გვყავს ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორი. მათი პროექტების დიზაინი იმგვარად არის შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს ჩვენი სტარტაპების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.
ამ ოთხივე აქსელერატორს უამრავი პარტნიორული ქსელი აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ წინასწარ სწორად განვსაზღვრეთ სტრატეგია, ვინაიდან ზოგიერთი სტარტაპის სამიზნე მიმართულება შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები იყოს, სხვებისთვის კი - ცენტრალური აზია, ევროპული, აზიური თუ აფრიკული ბაზრები. ამ აქსელერატორებთან ერთად ჩვენ დაბალანსებულად შევძელით და ეს გლობალური ნეთვორქი საქართველოში უკვე შემოვიტანეთ.
გარდა ამისა, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო ინოვაციურ კონფერენციებსა და გამოფენებში. მათ შორისაა Web Summit-ი პორტუგალიაში, CES-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და დუბაის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა. წელს ამ სიას უკვე სინგაპურსაც ვამატებთ, რათა სტარტაპებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანიებს მინიმალური დანახარჯები ჰქონდეთ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, ბაზარზე ტესტირების გასავლელად და შემდგომში ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემაში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა კასრაძემ.