2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13, 3 მილიარდი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს, ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ - 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000 l ირაკლი კობახიძე
2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13,3 მილიარდი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000.
„სიღარიბის მთავარი ინდიკატორი არის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი. ამით იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე, გაუმჯობესდა თუ არ გაუმჯობესდა. ფარდობითი ვერ იქნება მთავარი ინდიკატორი, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელია ის, რითაც იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი მოსახლეობაზე. მინდა მაგალითად მოვიყვანო საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებლები. რამდენს იხდიდნენ ჩვენი მოქალაქეები საშემოსავლო გადასახადს 2020 წელს და რამდენს იხდიან დღეს.
აქედან შეგიძლიათ მარტივად გადაამრავლოთ ოთხზე და მიიღებთ იმას, თუ რამდენი იყო მოსახლეობის შემოსავლები 2020 წელს და რამდენია 2025 წელს. 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13,3 მილიარდი ლარი. დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ. 5 წლის წინ თუ მათი შემოსავლები იყო 13 მილიარდი, ახლა არის 33 მილიარდი. შესაბამისად, თავადაც შეგიძლიათ გასცეთ კითხვას პასუხი, გაუმჯობესდა თუ არა მოსახლეობის შემოსავლები ამ ქვეყანაში.
აბსოლუტური სიღარიბე იანგარიშება საერთაშორისო სტანდარტებით. ამ მეთოდოლოგიას იზიარებს მსოფლიო ბანკიც. როგორც ანგარიშობენ საერთაშორისო სტანდარტებით სიღარიბეს, ისე ანგარიშობს საქართველოც. ერთი და იგივე მეთოდოლოგია იყო 2012 წელსაც და მიმდინარე წელსაც. ამ ერთი და იგივე მეთოდოლოგიით, 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში საშუალო ხელფასი საქართველოში 48%-ით გაიზარდა.
„ნეტო შემოსავლები, საშემოსავლო გადასახადის მიხედვით 13,3 მილიარდი ლარი იყო. გახდა 33 მილიარდი. რომელი ეკონომისტი ამბობს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა არ აისახება მოსახლეობაზე? სისულელეა, ვინც ამას ამბობს, ის არ არის ეკონომისტი. მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში საშუალო ხელფასი საქართველოში 48%-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი შემდეგ აისახება ბიუჯეტზეც და მათ შორის, მოსახლეობის სოციალური დახმარების მაჩვენებლებზე, ჯანდაცვაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა - ვახტანგ ცინცაძე
25.07.2026.12:09
„სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ქვეყნის სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და არაერთი მიმართულებით გლობალურად მოწინავე პოზიციებს იკავებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის 107 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ ოფიციალურ სტატისტიკას ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების, ანალიზისა და დაგეგმვის პროცესში. სამინისტრო და „საქსტატი" მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში ასევე ერთობლივად ახორციელებენ არაერთ კვლევასა და ანალიტიკურ პროექტს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სტატისტიკის ეროვნულის სისტემის განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს სტატისტიკის არეალის გაფართოების, ახალი გამოკვლევების ჩატარების, ახალი ინდიკატორების წარმოების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების განვითარების კუთხით.