2022 წელს ქვეყანაში მეცნიერულ კვლევებზე ₾171 მილიონი დაიხარჯა
2022 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 63 დაწესებულება, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 171.0 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 13.2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქსტატის ინფორმაციით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 7.5 პროცენტით გაიზარდა და 15 099 შეადგინა, რომელთაგან 12 991 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები.
მკვლევარების 53.9 პროცენტი ქალია, ხოლო 46.1 პროცენტი - კაცი. მკვლევართა 68.6 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 28.6 პროცენტი - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.8 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.
რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.0 %), ხოლო მამაკაცების შემთხვევაში - 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (26.4 %).
მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 167 კაცს შეადგენს (24.4 %). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 472 პირია დასაქმებული (3.6%).
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826