2022 წლიდან საქართველოში, როგორც იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა ყველაზე მნიშვნელოვნად, ასევე გაიზარდა ტრანზიტი - ზუკა თავყელიშვილი
2022 წლიდან საქართველოში როგორც იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა ყველაზე მნიშვნელოვნად, ასევე გაიზარდა ტრანზიტი - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა ზუკა თავყელიშვილმა განაცხადა.
„ორ ნაწილად გავყვეთ: პირველი - თბილისში არსებული საწყობები და საპორტო ქალაქებში არსებული საწყობები.
რეალურად, აქ საკმაოდ მკაფიო ხაზი უნდა გავავლოთ, სად რამ გაზარდა მოთხოვნა.
თუ შევხედავთ საპორტო ქალაქებს, აქ, როგორც უკვე ვახსენე, 2022 წლიდან საქართველოში როგორც იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა ყველაზე მნიშვნელოვნად, ასევე გაიზარდა ტრანზიტი. ეს, ერთი მხრივ, შუა კორიდორის გააქტიურებას უკავშირდებოდა, თუმცა შუა კორიდორი არ ყოფილა მხოლოდ ერთადერთი კატალიზატორი ამ ყველაფრის. სხვა კორიდორებზეც, რომლებიც საქართველოს გავლით გადის, მოთხოვნა გაიზარდა.
რაც შეეხება უკვე დედაქალაქს, აქ, როგორც ვთქვი, ისეთ სექტორებში, როგორიც არის FMCG, ელექტრონიკა, სამშენებლო და სარემონტო მასალები, ტანსაცმელი და აქსესუარები და ა.შ., მათ ზომაში ზრდას მოჰყვა სწორედ ის, რომ ამ კომპანიებს გაუჩნდათ მოთხოვნა ახალ, დიდი ზომის და მაღალი ხარისხის საწყობებზე. სწორედ ეს იყო მოთხოვნის ფაქტორები, რამაც იმოქმედა საწყობებზე“, - აცხადებს ზუკა თავყელიშვილი.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
07.09.2026.19:56
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევსა და კომპანია KTZ Express - ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აიბეკ კაპარსშეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა და საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.