2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული იყო - ირაკლი ქარქაშაძე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში არსებული აეროპორტებიდან ერთადერთია, რომლისთვისაც 2023 წელი მგზავრთნაკადის კუთხით, რეკორდული აღმოჩნდა.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ერთადერთია, რომელმაც პანდემიამდელ პერიოდს გადააჭარბა და მგზავრთნაკადი გააორმაგა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის შეფასებით, 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული იყო, თუმცა კიდევ უფრო გამორჩეული იყო 2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის.
,, 2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 6 მილიონს მიაღწია. პანდემიამდელი მგზავრთნაკადი აღდგა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყო ის გამონაკლისი გასულ წელს, სადაც მგზავრთა რაოდენობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა.
2023 წელს, არსებობის მანძილზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გასულ წელს ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ ქუთაისში მილიონ 700 მდე მგზავრს. რაც იმის საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ 2024 წელი ქუთაისის აეროპორტისთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება და საკუთარ რეკორდს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ,’’-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განმარტებით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის სიდიდით მეორე აეროპორტია, სადაც ევროპასთან ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826