2023 წელს 2019 წელთან შედარებით საქონლის ექსპორტი 60%-ით, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 63%-ით გაიზარდა - ლევან დავითაშვილი
„დღეისთვის საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საგარეო სავაჭრო პოლიტიკა აქვს, რაც გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმს და საბაჟო პროცედურებს, ასევე, დაბალ საიმპორტო ტარიფებს გულისხმობს. 2023 წელს 2019 წელთან შედარებით საქონლის ექსპორტი 60%-ით, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 63%-ით გაიზარდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრობის კანდიდატმა დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა გასულ წლებში საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული ევროკავშირთან და ჩინეთთან.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ხელმისაწვდომობას და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას. მისი თქმით, მოლაპარაკებები დასრულებულია და 2025 წელს ხელი მოეწერება სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ასევე გაგრძელდება მოლაპარაკებები ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა ინდოეთი, ისრაელი, ყურის არაბული სახელმწიფოები, სერბეთი და სხვ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826