2024 წელს დასრულდება 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა - ლევან დავითაშვილი
2024 წელს დასრულდება დამატებით 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 157 მგვტ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება 350-430 მეგავატიანი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტში კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოზიდვა, შემდგომი ყველა შესაბამისი ღონისძიების (დაპროექტება, მშენებლობა, ოპერირება) უზრუნველყოფის მიზნით.
„ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით, მომდევნო წლებში საქართველოში დამატებით 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზები აშენდება, მათ შორის, განმტკიცდება და გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის შეუფერხებელ მუშაობაზეც დიდწილადაა დამოკიდებული სხვა ეკონომიკური სექტორების გამართული ფუნქციონირება და შემდგომი ზრდა/განვითარება.
„ჩვენი ქვეყნის დიდი ენერგეტიკული პოტენციალის სწორად და ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ვაგრძელებთ ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიან რეფორმას. დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით კი ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან. ამასთან, ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826