2024 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ სამოგზაუროდ 1.4%-ით ნაკლები ადამიანი გავიდა - საქსტატი
2024 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 7.7 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 48.2 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 45.7 პროცენტი შეადგინა.
2024 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 33.4 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 871.1 და 425.3 ათასი ვიზიტი.
2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.0 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (6.5 ღამე) 6.9 პროცენტით მეტია. ვიზიტების 98.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წელთან შედარებით 11.2 პროცენტით გაიზარდა და 1 007.9 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826