2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის ტენდენცია შეიცვალა - Galt & Taggart
2024 წლის მაისის შემდეგ, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად უმჯობესდება. როგორც Galt & Taggart „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში“ აღნიშნავს, აგვისტოში 0.3%-იანი ზრდის შემდეგ სექტემბერში ფასები თვიურად მცირედით 0.1%-ით გაიზარდა.
„ამასთან, მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა ბოლო ორ თვეში დასტაბილურდა, თუმცა წლიურად 23.6%-ითაა შემცირებული, მათ შორის წინა წლის მაღალი ბაზიდან გამოდინარე. მოსალოდნელია, რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, და შემდგომი ტემპი დამოკიდებული იქნება მოთხოვნის სიძლიერეზე“, - განმარტებულია Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.
Galt & Taggart-ის უახლესი გამოკითხვით, შერჩეული დეველოპერების პროექტებში ბოლო თვეებში გაყიდვები აღდგა მაისში მკვეთრი შემცირების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით. ამასთან, ჯამურად 2024 წლის მესამე კვარტალში ბინების გაყიდვების რაოდენობა 7.3%-ით გაიზარდა პირველ კვარტალთან შედარებით, რაც ივლისში რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტის გაყიდვების დაწყებით იყო გამოწვეული.
„პროექტებში, რომელთა დამთავრებაც 2024 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების მარაგის 94% გაყიდულია. ამასთან, იმ პროექტებში რომლებიც 2027- 28 წლებში სრულდება ბინების 30%-ია უკვე გაყიდული. მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი შესრულებულია დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით.
2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის ტენდენცია შეიცვალა. რუსეთის მოქალაქეების წილი გაყიდვებში 6%-დან 2%-მდე შემცირდა, ხოლო ისრაელის მოქალაქეების წილი 4%- დან 11%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ შესყიდვების მზარდი წილი მიუთითებს ბაზარზე გაზრდილ დივერსიფიკაციაზე.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826