2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში 2013 წლის ჩათვლით გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იზღუდება
2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში 2013 წლის ჩათვლით გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იზღუდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ ივლისში გააჟღერა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა "გადავწყვიტეთ, ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება". მან ასევე აღნიშნა, რომ აიკრძალება კატალიზატორების ექსპორტი.
„პირველი საკითხი ეს არის ჰაერის დაბინძურების საკითხი, რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებს, ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, საზოგადოებას. ჩვენს დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში არის ძალიან დიდი პრობლემა. ამის თაობაზე დეტალური კვლევები ჩაატარა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და მინდა ამის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ.
პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე წელია დავაწესეთ სტანდარტი საწვავზე და ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ამას, რა თქმა უნდა, მუდმივად მონიტორინგს უტარებს შესაბამისი სამსახური, გარემოს ეროვნული სააგენტო. ჩვენ წელს ასევე, დიზელი იყო დარჩენილი, დიზელზეც მივიღეთ გადაწყვეტილება და ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი შემოდის და ბენზინიც და ხდება რუტინულად შემოწმება ხარისხის.
მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ზოგადად დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც დარჩა, ეს არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ძალიან ბევრი გაუმართავი ავტომობილის გამო. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც.
ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსების და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან, ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ამის თაობაზე გვინდოდა, რომ უფრო მეტი გონივრული ვადა მიგვეცა.
მინდა ავხსნა უფრო კონკრეტულად, რომ აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს", - განაცხადა 12 ივნისს პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826