2024 წლის ჰიდროგენერაციაში ენგურჰესის წილი 62% იყო
2024 წელს ენგურჰესმა 3 401,6 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 4%-იანი კლებაა. 2023 წელს ენგურჰესის გამომუშავებამ სულ 3 556,0 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აღნიშნულის შესახებ სტატისტიკური მაჩვენებლები სემეკის ვებგვერდზეა განთავსებული.
2024 წლის გენერაციაში ენგურჰესის წილი 24%-ია, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების ჯამურ გამომუშავებაში 30%-იანი წილი აქვს.
2024 წელს ელექტროენერგიის ჯამურმა გამომუშავებამ 14 234,1 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო ხოლო ჰიდროელექტროსადგურების ჯამური გამომუშავება 11 344,3 მლნ კვტ/სთ იყო. 2024 წლის მაჩვენებლებითვე, მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების ჯამური გამომუშავება 5 454,2 მლნ კვტ/სთ შეადგინა, სადაც ენგურჰესის წილმა 62%-ი შეადგინა.
სემეკის მონაცემებითვე, 2024 წლის განმავლობაში ენგურჰესმა ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის გამომუშავება ივლისში განახორციელა, საუბარია საანგარიშო თვეში 697,840 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, რაც მის მიერ განხორციელებული წლიური გამომუშავების 21%-ია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826