2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის, გამოშვებისა და დასაქმების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - ვახტანგ ცინცაძე
"2024 წელს 9.5% - იანი ეკონომიკური მაჩვენებელი დიდწილად კერძო სექტორის ეკონომიკური აქტივობის ზრდამ განაპირობა. 2024 წლის მეოთხე კვარტლის ბიზნეს სექტორის მაჩვენებლებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კერძო სექტორში საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები მთელი გასული წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა. კერძოდ, რეკორდულია როგორც ბრუნვის, ასევე გამოშვების და დასაქმების მაჩვენებლები. 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაიზარდა 10% - ით, გამოშვება კი დაახლოებით 11 % -ით და 23.5 მლრდ. ლარი შეადგენა. გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიციის, მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებმა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2024 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 30 ათასით გაიზარდა, დასაქმებულთა ოდენობამ კი 811 ათასს გადააჭარბა. რაც შეეხება საშუალო ხელფასს, ვახტანგ ცინცაძის თქმით, ის 170 ლარზე მეტად გაიზარდა და 2367 ლარი შეადგინა.
"აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები განპირობებულია იმ სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ქვეყანაში არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე არის მიმართული და ზოგადად ხელს უწყობს ქვეყანაში ადგილობრივ წარმოების განვითარებას, რომელიც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებასთან ერთად ორიენტირებულია საექსპორტო პოტენციალის ათვისებაზე," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826