2024 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე. „მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტს შეადგენს, რაც მესამე კვარტლების ჭრილში არის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი'' - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია , რომ ასევე დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით. დასაქმებულთა რაოდენობა 41.3 ათასით გაიზარდა და მილიონ 408 ათასი შეადგინა. დასაქმების დონე 1.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 47.1 პროცენტს შეადგენს.
„პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება როგორც თვითდასაქმებულების, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მიმართულებით. ზოგადად, შრომის ბაზრის ტენდენციების კუთხით თუ შევხედავთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, უფრო მეტად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა და ამ ფონზე მცირდება უმუშევრობის დონე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოზიტიურ და ჯანსაღ ტენდენციებს, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ფიქსირდება'' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, პოზიტიური მაჩვენებლების ერთ-ერთი განმაპირობებელია ეკონომიკური აქტივობის ზრდა ქვეყანაში.
„არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ამავდროულად, ჩვენი ამოცანა და მიზანია, მომავალ წლებში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რათა გავაძლიეროთ ის ტენდენციები, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ფიქსირდება'' - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 14.1 და 13.4 პროცენტს შეადგენს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826