2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი
2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, 2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ამასთან, 2024 წელთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების ზრდამ დაახლოებით 8.5%-ი შეადგინა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდაა ყველა იმ მიზნობრივ ბაზარზე, სადაც ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ადმინისტრაცია წლების განმავლობაში თანმიმდევრულად მუშაობს მარკეტინგული კამპანიების, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მხარდაჭერის მიმართულებით.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე, საიდანაც 2025 წელს ტურისტული ნაკადები 14 პროცენტით გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვანი მატებაა ისრაელიდან, სადაც ზრდამ დაახლოებით 30 პროცენტი შეადგინა, ჩინეთიდან და სხვა მიზნობრივი ბაზრებიდან.
ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, 2026 წელს გაგრძელდება როგორც მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მონაწილეობას მიიღებს პოპულარულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით.
„ჩვენ ველოდებით უფრო წარმატებულ შედეგებს 2026 წლისთვის, რაც, თავის მხრივ, ასევე დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს და დასაქმების 9%-ს შეადგენს, ამასთან, მომსახურების ექსპორტის თითქმის 60% სწორედ ტურიზმზე მოდის. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული სექტორის განვითარების მიმართულებით და ეს ტენდენცია 2026 წელს და მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826