2025 წელს დაწესებულმა ტარიფმა რუსული და ირანული არმატურის იმპორტი თურქულით ჩაანაცვლა და ადგილობრივი წარმოება წაახალისა - კვლევა
Galt & Taggart-ი ახალ პუბლიკაციას ,,სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი საქართველოში" აქვეყნებს.
Galt & Taggart-ის შეფასებით, ბოლო წლებში სექტორის სწრაფი ზრდა გაზრდილმა ფასებმა და რეკორდულმა აქტივობამ გამოიწვია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. 2026-ში მოსალოდნელია ბინების რეკორდული რაოდენობის ჩაბარება, რაც სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს. ასევე, ირანის კონფლიქტის ფონზე სამშენებლო მასალების გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც მშენებლობის ღირებულების ზრდას დააჩქარებს.
მძიმე მრეწველობის სამშენებლო მასალები ძირითადად საქართველოში იწარმოება (66% ადგილობრივი წარმოება). ბეტონის წარმოება 2024-25-ში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეკორდული ნებართვებისა და ინფრასტრუქტურული დანახარჯების გამო. 2025 წელს დაწესებულმა ტარიფმა რუსული და ირანული არმატურის იმპორტი თურქულით ჩაანაცვლა და ადგილობრივი წარმოება წაახალისა. 2022-24-ის სწრაფი ზრდის შემდეგ ცემენტის ფასები 2025-ში დასტაბილურდა, თუმცა 2026-ში ირანის კონფლიქტის ფონზე ფასების ზრდის დაჩქარება მოსალოდნელია.
სექტორი ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული და მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი და ჩინეთი არიან. სარემონტო მასალების ქვესექტორის შემოსავლების ზრდა თანხვედრაშია ფასის დინამიკასთან. მეორეს მხრივ, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ქვესექტორების შემოსავლები ბოლო 3 წელია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც მზარდი მოთხოვნით და შემცირებული ფასებითაა გამოწვეული. 2026-ში ორივე ქვესექტორის შემოსავლებში ზრდაა მოსალოდნელი.
,,მშენებლობის ინდუსტრიის სწრაფი ზრდა გაზრდილმა ფასებმა და რეკორდულმა მოთხოვნამ წაახალისა, საჯარო და კერძო სექტორებიდან. ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, 2026 წელს მოსალოდნელია სამშენებლო მასალების გაძვირება, რაც მშენებლობის ღირებულების ზრდას დააჩქარებს. სახელმწიფო კაპიტალური დანახარჯები 2025 წელს შემცირდა, რიკოთის პროექტის დასრულების და პროექტების ნაწილის გადავადების გამო. 2026 წელს მოსალოდნელია მშენებარე ბინების რეკორდული რაოდენობის დასრულება, რაც სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს. სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალმა $5.9 მილიარდს მიაღწია 2025 წელს", - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წელს დაწესებულმა ტარიფმა რუსული და ირანული არმატურის იმპორტი თურქულით ჩაანაცვლა და ადგილობრივი წარმოება წაახალისა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826