2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6%-ით და შეადგინა დაახლოებით $1,7 მილიარდი, სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $7 მილიარდს გადააჭარბა - ირაკლი კობახიძე
2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი. სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა 42,4 პროცენტამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2,65-ის ფარგლებში სტაბილურად ნარჩუნდებოდა ლარის კურსი და ახლა 2,65-ზე ქვემოთ არის ჩამოსული.
„სავალუტო რეზერვებმა ამის პარალელურად მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს და გადააჭარბა 7 მილიარდ დოლარს. მხოლოდ გასულ თვეში, მაისში, ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა რეკორდული ოდენობის 633 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ეროვნულ ბანკს გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ძალიან აქტიურად მუშაობდა ფინანსთა სამინისტრო ობლიგაციების გამოშვების მიმართულებით.
„28 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა. მოთხოვნა 5,5-ჯერ აღემატებოდა გამოსაშვებ მოცულობას, რაც მეტყველებს ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური პერსპექტივის მიმართ ინვესტორების ნდობაზე. კუპონის განაკვეთმა შეადგინა 5,125 პროცენტი.
ასევე 21 მაისს ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა. მოთხოვნა ამ შემთხვევაში 4,5-ჯერ აჭარბებდა გამოსაშვებ მოცულობას. კუპონის განაკვეთი იყო 9 პროცენტი. ასევე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ინარჩუნებს მსოფლიოში პირველ ადგილს ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
„მთლიანობაში ფინანსთა სამინისტრომ გასწია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასული ერთი წლის განმავლობაში, რისთვისაც ფინანსთა მინისტრს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart
05.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.