2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა - ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო l ვახტანგ ცინცაძე
„მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
მისი თქმით, დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 მლრდ 900 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მაჩვენებლები დააზუსტა. დაზუსტების შედეგად 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი მოწინავეა და 2025 წლის მაჩვენებელი 5%-ს უტოლდება", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ვახტანგ ცინცაძის თქმით, აქტიურ ფაზაშია გადასული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ქვეყანაში დამატებით ახალ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ნიშნავს.
„ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რათა უზრუნველვყოთ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტიციების კუთხით მაღალი აქტივობა ქვეყანაში. ასევე, უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826