2025 წელს ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა დეველოპერების პროექტების გაყიდვებში 52% შეადგინა - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ მიმოხილვას ,,ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება – 2025 სრული წლის მიმოხილვა და 2026 წლის მოლოდინები" აქვეყნებს.
2025 წელს, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები აღდგა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე და ჯამში 17,478 ბინას მიაღწია (+15.0% წ/წ). ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზრის ღირებულებაც და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+23.8% წ/წ), რაც ბაზარზე აქტივობის ზრდას უსვამს ხაზს. ამას ხელი შეუწყო 2025 წელს ახალი მსხვილმასშტაბიანი პროექტების გაყიდვების დაწყებამ და მეორად ბაზარზე გაზრდილი საბინაო ფონდის გამო გაზრდილმა აქტივობამ.
პირველად ბაზარზე, რეალურ დროში სისტემური დეველოპერების გამოკითხვაზე დაყრდნობით, 2025 წელს გაყიდვები წლიურად გაიზარდა, თუმცა ბაზარი ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა 2023 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ ნიშნულს. ამავდროულად, გასაყიდი ბინების რაოდენობა სწრაფად ზრდას განაგრძობს. სხვა სიტყვებით, ბაზარზე მაღალი აქტივობის მიუხედავად, გაზრდილი მიწოდება ჯერ კიდევ არ არის ათვისებული.
პირველადი ბაზრის ფასების ზრდა მოთხოვნის ზრდას უსწრებს, რაც ართულებს მიმდინარე ზრდის ტემპის შენარჩუნებას. ფასის ზრდა პირველად ბაზარზე დაჩქარდა და გადააჭარბა მეორადი ბაზრის ზრდის ტემპს (9.4% წ/წ და 6.9% წ/წ საშუალო ზრდა, შესაბამისად), რამაც სხვაობა ბაზრების ფასებს შორის კიდევ უფრო გააფართოვა. ამასთან, ქირის ფასი წლიურად უცვლელი დარჩა და საშუალოდ დღეში $35.6 შეადგინა. შედეგად, ბათუმში ქირის ამონაგები – საინვესტიციო მოთხოვნის მთავარი კატალიზატორი – 2024 წლის 8.8%-დან 7.4%-მდე შემცირდა 2025 წელს. აღსანიშნავია, რომ კლების მიუხედავად, ბათუმში ამონაგები კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სხვა საზღვაო კურორტებთან შედარებით.
Galt & Taggart-ის მოლოდინით, 2026 წელს გაყიდვების დონე პირველად ბაზარზე, მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ხოლო მეორად ბაზარზე ზრდაა მოსალოდნელი, რასაც ხელს შეუწყობს გაზრდილი საბინაო ფონდი და ბაზრის გააქტიურება.
მოსალოდნელია, რომ პირველად ბაზარზე ფასის ზრდა 2026 წელს წლიურად 4-6%-მდე შენელდება, 2025 წელს დაფიქსირებული 9.4% წლიური ზრდის შემდეგ. პირველად და მეორად ბაზრებს შორის ფასთა სხვაობა აღარ გაიზრდება. ამასთან, ქირის ამონაგები შემცირებას განაგრძობს, მზარდი ფასისა და დიდი რაოდენობით მიმდინარე მშენებლობების ფონზე, რომლებიც მომდევნო წლებში ჩაბარდება.
საერთო ჯამში, 2026 წლის მოლოდინები უფრო საფრთხილოა, ვიდრე 2025 წლის აღდგენით შეიძლება ჩანანდეს. ბათუმში რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პრემიუმ პროექტის დაწყებაა დაგეგმილი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მშენებარე საბინაო ფონდს და დამატებით ზეწოლას მოახდენს ბაზარზე. მნიშვნელოვანი იქნება ახალი ქვეყნების დაინტერესება ბათუმის უძრავი ქონებით, რადგან სწორედ მშენებარე პროექტებში ათვისების ტემპი და უცხოელი მყიდველების მხრიდან საინვესტიციო მოთხოვნის მდგრადობა განსაზღვრავს ბაზარი დასტაბილურდება თუ შენელდება 2026 წელს.
ირანში ბოლოდროინდელი კონფლიქტის ესკალაცია და მასთან დაკავშირებული რეგიონული რისკები მოკლევადიან პერიოდში საფრთხეს, პირველ რიგში, ისრაელიდან მოთხოვნას უქმნის – ეს სეგმენტი ბათუმში ყველაზე სწრაფად მზარდია უცხოელ მყიდველთა შორის და მასზე გაყიდვების 13% მოდიოდა 2025 წელს. თუმცა, როგორც წესი, ხანგრძლივი არასტაბილურობის დროს ისინი უსაფრთხო თავშესაფრის (safe haven) აქტივებს ეძებენ და ბათუმს, რომელიც მათთვის უკვე კარგად ნაცნობი ბაზარია, შესაძლოა საშუალო ვადაში ამან სარგებელი მოუტანოს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826