2025 წლის ბიუჯეტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული
2025 წლის ბიუჯეტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150,0 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული.
მთავრობის არსებული სამოქმედო გეგმის თანახმად უახლოეს წლებში განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას, ასევე ნავსადგურის მიმდებარედ წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტის გამტარობა იქნება 600 000 კონტეინერი (TEU) წელიწადში, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია გაუტოლდება 600 მლნ აშშ დოლარს.
როგორც მთავრობის 2025-2028 წლების სამოქმედო გეგმაში წერია, საანგარიშო პერიოდში მოხდება ასევე, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობის დაწყება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826