2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი - ირაკლი ქარსელაძე
,,დღეის მდგომარეობით ქვეყნის 100-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობს 3 მილიარდამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელების შემდგომ დამატებით 300 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის გაუმჯობესება და მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგება. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რომელიც უზრუნველყოფს 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქის, 24-საათიან წყალმომარაგებას. ხოლო სოფლების წყალმომარაგების მიზნით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად, ჯამურად, 300,000 ბენეფიციარისთვის 24-საათიან წყალმომარაგება იქნება უზრუნველყოფილი.
,,მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა რაც წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის მიმართულებით ხორციელდება, არსებულ 6 გამწმენდს, სამსაფეხურიან ბიოლოგიურ გამწმენდ ნაგებობას, დაემატება 11 ახალი გამწმენდი ნაგებობა.ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც მიმართულია მოსახლეობის წყალმომარაგების პროცესის უზრუნველყოფისთვის“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826