2025 წლის პირველი იანვრიდან სემეკმა ენგურს, ვარდნილს და საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემას ტარიფი შეუცვალა - Galt & Taggart
2025 წლის პირველი იანვრიდან სემეკმა ენგურს, ვარდნილს და საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემას (სსე) ტარიფი შეუცვალა. Galt & Taggart-ის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, ცვლილების შედეგად სსე-ს ტარიფი გახდა კვტ.სთ-ზე 3.298 თეთრი, რაც წინა წლის 2.813 თეთრიდან 17.2%-იანი ზრდაა. ცნობილია, რომ ახალი ტარიფი ძალაში იქნება 2025 წლის 1 იანვრიდან, წლის ბოლომდე. ენგურის და ვარდნილის ტარიფი სემეკმა 2 ნაწილად დაადგინა:
1) 2025 წლის 1 იანვრიდან ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, რომელიც ამ ეტაპზე 1 ივლისისთვისაა დაგეგმილი ტარიფი იქნება ენგურისთვის კვტ.სთ-ზე 4.021 თეთრი და ვარდნილისთვის 5.111 თეთრი.
2) ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2026 წლის ბოლომდე კვტ.სთ-ის ტარიფი დაუბრუნდება წინა წლის დადგენილ ტარიფს - ენგურისთვის 2.412 თეთრს და ვარდნილისთვის 3.067 თეთრს. ენგურისა და ვარდნილის ტარიფის ცვლილების მიზეზი იყო კანონში შესული ცვლილება, რის მიხედვითაც აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია აღარ შევიდა ტარიფის გაანგარიშებაში.
„ზემოაღნიშნული ცვლილებები მიმდინარე წელს საცალო (მოსახლოება/ბიზნესი) ტარიფებზე გავლენას არ მოახდენს“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826