2026 წელი ჰიდროლოგიის კუთხით გამორჩეულია | Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი
2026 წელი ჰიდროლოგიის კუთხით გამორჩეულია, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ანა ჯეჯელავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„2026 წელი გამორჩეული წელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჰიდროლოგია ჩვენთანაც ძალიან კარგი იყო, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენს ძირითად საექსპორტო ქვეყანაში, თურქეთშიც, ძალიან გაზრდილი იყო.
ზოგადად, საექსპორტო წელი წელს იყო გამოწვევებით სავსე, იმიტომ, რომ, პირველ რიგში, თურქეთში ძალიან დაბალი საექსპორტო ფასი დაფიქსირდა. მაისის თვეში 1.8 ცენტი იყო ერთ კილოვატსაათზე ფასი, მაშინ, როდესაც საქართველოდან, ჯამურად რომ დავთვალოთ, რა ხარჯებიც ექნებოდა ექსპორტიორს, იყო დაახლოებით 1.5 ცენტი კილოვატსაათზე. ანუ, ეკონომიკურად საინტერესო არ იყო ბევრი ექსპორტორისთვის ექსპორტი, თუმცა ექსპორტი მაინც დაფიქსირდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადად მონაწილეები ექსპორტის იყვნენ ის ქვეყნები, ვისაც გრძელვადიანი შეთანხმებები აქვს თურქეთში და წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული ეს მოცულობები.
რაც შეეხება ზოგადად საექსპორტო ტენდენციას, განახევრებული იყო წელს ღირებულებითაც, მოცულობითაც და ამის ძირითადი გამომწვევი ფაქტორი ისევ და ისევ თურქეთში გაზრდილი ჰიდროგენერაცია იყო და ახალი მზის და ქარის სადგურების კონტრიბუცია.
აქედან გამომდინარე, სამომავლოდ იმისათვის, რომ საქართველოდან მოხერხდეს ელექტროენერგიის მეტი ექსპორტი, საჭიროა მეტი დერეფანი, ასე ვთქვათ, ექსპორტისთვის. ანუ ჩვენ რესურსი ნამდვილად გვაქვს. ჩვენ წელს დალექვებიც კი მოგვიწია იმის გამო, რომ მოთხოვნა არ იყო ჩვენს ელექტროენერგიაზე და ეს ძალიან უარყოფითად აისახა ბიზნესსექტორზე“, - აცხადებს ანა ჯეჯელავა.
სხვა სიახლეები
FMCG ბაზარზე ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა წლიურად შემცირდა - Galt & Taggart
08.10.2026.11:00
Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს „FMCG სექტორი საქართველოში“. ანგარიშში განხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.
2026 წლის პირველ ნახევარში, FMCG ბაზრის შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 13.1 მლრდ ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ - 12.8%, არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12.0%-ით, ხოლო სხვა ფორმატების 8.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7.0% შეადგინა. მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა (vs 40.4% 1H25-ში).
ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა (+12.8% წ/წ) ძირითადად არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით იყო განპირობებული (LFL ზრდა 10.3% წ/წ). ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე, ხოლო 43.2% რეგიონებზე მოდიოდა 1H26-ში. ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალი თბილისში ₾1.4 მლნ, რეგიონებში კი ₾1.1 მლნ იყო.
დეილი ჯგუფი ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მესამეზე - ნიკორა. 1H26-ში დეილი ჯგუფის წილი მთლიან ბრენდული ბაზარის შემოსავლებში 27.3% იყო (vs 28.4% 1H25-ში), მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- 20.3%-იანი წილით (vs 18.2% 1H25-ში), ხოლო მესამეზე ნიკორა - 15.9%-იანი წილით (vs 16.9% 1H25) . თბილისში ბაზრის ლიდერია 2 ნაბიჯი - მისი წილი 20.5%-ს შეადგენდა (vs 19.1% 1H25-ში), მეორე ადგილზეა დეილი ჯგუფი, რომლის წილიც 19.5% იყო (vs 19.2% 1H25-ში); რეგიონებში დეილი ჯგუფი კვლავ მკაფიო ლიდერია ბაზრის 37.6%-იანი წილით, თუმცა მისი წილი შემცირებულია 1H25-ის 40.8%-დან.
ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა წლიურად შემცირდა. კლება ძირითადად გამოწვეული იყო საერთო მოგების მარჟის შემცირებითა და სახელფასო ხარჯების შემოსავალთან ფარდობის ზრდით. შერჩეული ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა 5.4%-დან 4.0%-მდე შემცირდა, ხოლო საერთო მოგების მარჟა 27.1%-დან 26.3%-მდე შემცირდა. ამასთან, 1H26-ში სახელფასო ხარჯების ფარდობამ შემოსავალთან 12.9%-ს შეადგინა, რაც 0.6 პპ-იანი ზრდაა 1H25-ის 12.3%-თან შედარებით, იჯარისა და სხვა საოპერაციო ხარჯების წილი თითქმის უცვლელი დარჩა.