2026 წელი რკინიგზისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, ₾1 მილიარდის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, სალოკომოტივო პარკისა და სავაგონო შემადგენლობის განახლებისთვის - თამარ იოსელიანი
„საქართველოს რკინიგზა ახალ ეტაპზე გადადის. რკინიგზა არის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის უმნიშვნელოვანესი საყრდენი და მთავრობის პრიორიტეტია, გახდეს ბევრად უფრო ეფექტიანი და შესაბამისად, მდგრადი იმისთვის, რომ ჩვენი როლი შუა დერეფანში კონკურენტუნარიანი და უალტერნატივო იყოს ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელმაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება შეაფასა და საქართველოს რკინიგზის მომავალი წლის გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.
თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობას შუა დერეფნის კონტექსტში. მინიტრის მოადგილის განცხადებით, ამისთვის საჭიროა იმ ძირითად ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ქვეყნის გამტარუნარიანობის პოტენციალს გაზრდის. ამასთან, როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, მოდერნიზაციის პროექტმა საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გააორმაგა და ქვეყნის გადაკვეთის დრო და საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა.
„მოდერნიზაციის პროექტი შესაბამისი რელიეფისა და მდებარეობის გამო რთული, თუმცა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს შორის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო აღმოჩნდა. პროექტში 1 მლრდ ლარის ინვესტიცია ჩაიდო და ახალი სარკინიგზო ხაზი ექსპლუატაციაში გაეშვა. პროექტი ჯამში 100 კმ-მდე სარკინიგზო ლიანდაგს მოიცავს, ამასთან ერთად, აშენდა დაახლოებით ასზე მეტი ობიექტი, მათ შორის - 6 გვირაბი, 10 ხიდი, 3 სადგური, ქვესადგურები და სხვადასხვა ტიპის ხელოვნური შენობა-ნაგებობები", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანმა 2026 წლის გეგმებზეც ისაუბრა, მისი პროგნოზით, მომავალი წელი რკინიგზისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან კიდევ 1 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, ახალი სალოკომოტივო პარკისა და სავაგონო შემადგენლობის განახლებისთვის
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ნაწილი ბიუროკრატიისგან დაცლილი იყოს, რაც ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ ციფრული სერვისების დანერგვის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, ყველაფერი ერთობლიობაში კი მოგვცემს ეფექტურ და მდგრად სატვირთო გადაზიდვების წარმოების საშუალებას", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826