2026 წელს საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება ანტიკორუფციული და შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, კიდევ უფრო გავაძლიერებთ მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქციებს - ლევან ჟორჟოლიანი
2026 წელს პარლამენტს მივმართავთ ინიციატივებით, საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება ანტიკორუფციული და ასევე შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, - განაცხადა გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, 2026 წელს კიდევ უფრო გაძლიერდება მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოზე და მიმართულებაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. „თეთრ სიასთან“ დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. აქილევსის ქუსლი იყო სახელმწიფო კომპანიების სპეცშესყიდვის სპეცწესები, რომელიც გასული იყო მთლიანად შესყიდვების კანონიდან, დავაბრუნეთ. მარტო აქედან 100 მლნ დაბრუნდა შესყიდვების კანონმდებლობაში და მხოლოდ ძალიან სპეციფიური, იმ კომპანიებისთვის დამახასიათებელი საქონლის და მომსახურების შესყიდვა დარჩა სპეცწესებში.
მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში, მხოლოდ 6 თვის განმავლობაში, ჩვენ 300 მლნ-მდე დაზოგვის შესაძლებლობა გვქონდა, უფრო სწორად დაიხარჯება შემდეგ ეს 300 მლნ. ეს რომ 1 წლის მონაცემები ყოფილიყო, ალბათ ორმაგი იქნებოდა შედეგები, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს დაზოგილი თანხები, დღეს რაც გამოვიტანეთ, ნელ-ნელა უნდა შემცირდეს იმიტომ, რომ პრაქტიკები უნდა გამოსწორდეს, ანუ ეს არ უნდა გაიზარდოს. ჩვენ ვიცით, რომ სადღაც შესაძლებელი ყოფილა, 300 მლნ 6 თვეში დაიზოგოს, თუ უფრო გამართული დოკუმენტაციით იქნებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციაში შემოსული კონკრეტული უწყებები კონკრეტულ შესყიდვებზე. მომავალ წლებში, რაც უფრო გასწორდება სისტემა, ეს დაზოგილი თანხებიც ქვევით ჩამოვა.
ეს ნიშნავს, რომ უფრო ნაკლებ, ადეკვატურ ფასში უფრო მეტი საქონლის და მომსახურების შესყიდვა, ანუ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალება ექნებათ სახელმწიფო უწყებებს. რაც შეეხება გეგმებს, 2026 წელს პარლამენტს მივმართავთ ინიციატივებით. საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება ანტიკორუფციული და ასევე შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით. გვინდა ამოვავსოთ აბსოლუტურად ყველა ხვრელი, თუ სადმე არსებობს, რათა საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ძალიან გამართული შესყიდვების სისტემა. 2026 წელს ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქციებს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოზე და მიმართულებაზე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826