2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და $8.14 მილიარდს შეადგენს
2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 56.4 პროცენტით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 8.14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. წინა თვესთან შედარებით საერთაშორისო რეზერვები 613 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმდინარე დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება და 128.2%-ს შეადგენს.
საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგად, ბოლო ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას ახორციელებს და 2026 იანვარ-ივლისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2.566.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, 2026 წლის აგვისტოს წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 25 სექტემბერს გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაციის შესახებ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა. მას შემდეგ ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც საერთაშორისო რეზერვების მოცულობის დამატებით ზრდას შეუწყო ხელი. 2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მონეტარული ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.1%-ს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს
23.10.2026.19:00
საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:
• უზბეკეთი - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:
• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.