2026 წლის აგვისტოში ჰიდროგენერაცია 4.9%-ით გაიზარდა და 1.0 ტვტ.სთ შეადგინა | Galt & Taggart
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა - საქსტატი
02.10.2026.11:03
2026 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 3.5 პროცენტით განისაზღვრა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (0.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.4 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (9.1 პროცენტი);
განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (7.0 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (5.8 პროცენტი) და დონით განუსაზღვრელი განათლება (4.6 პროცენტი).
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2026 წლის სექტემბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.9 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (10.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.5 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.8 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.0 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.5 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.8 პროცენტი);
განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.55 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 პროცენტი). ამასთან ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (7.0 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (6.8 პროცენტი) და საშუალო განათლება (6.6 პროცენტი).