2026 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 154.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
2026 წლის აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 154.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 6.47 მლრდ ლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას ახორციელებს და 2026 წლის პირველ კვარტალში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 499.65 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, 2026 წლის აპრილის წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 25 მაისს გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაცია გააკეთა და ოქროში ინვესტიციების განახორციელა, რაც ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. მას შემდგომ, ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც დამატებით გაზარდა მთლიანი საერთაშორისო რეზერვი. 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან 558.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
2026 წლის აპრილის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 16.4%-ს (1058.2 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 8 ივნისს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივი თანხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საჰაერო მიმოსვლა ქვეყანაში მზარდია და დაგეგმილია არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საავიაციო ბაზრის კიდევ უფრო განვითარებისთვის - თამარ იოსელიანი
23.06.2026.14:15
საქართველოში საავიაციო სექტორი სწრაფად ვითარდება და იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ეროვნულ კანონმდებლობაში, ისე ჩვენი ჩართულობა საერთაშორისო საავიაციო პროცესებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელმაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე რეგიონთაშორისი სემინარის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
მისი განცხადებით, საქართველოში ICAO-ს წარმომადგენლობითი სემინარის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში.
„მსგავსი ტიპის სემინარები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და, შესაბამისად, ამ სისტემების ადგილობრივ დონეზე ადაპტირებას. ამასთანავე, ჩვენ ICAO-სთვის საიმედო პარტნიორს წარმოვადგენთ, რაც საერთაშორისო აუდიტების წარმატებით განხორციელებამაც დაადასტურა. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ სააერონავიგაციო მომსახურების ზედამხედველობის მაჩვენებლები საგრძნობლად გაუმჯობესდა - 62-დან 96 პროცენტამდე გაიზარდა, რაც გლობალურ პრაქტიკასთან მიმართებით დაახლოებით 34-პროცენტიან წინსვლას გვაძლევს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში საავიაციო დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება.
„2025 წელს ამ მიმართულებით საგრძნობლად მაღალი მაჩვენებლები გვქონდა. მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და რეგიონში არსებული ვითარების მიუხედავად, საავიაციო დარგში მზარდი დინამიკა ნარჩუნდება. ახალი მიდგომების დანერგვა გვეხმარება, მუდმივად ვპასუხობდეთ საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ საავიაციო ინფრასტრუქტურას, რისთვისაც თანამედროვე სისტემების ათვისებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს სემინარი კი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მსგავსი ტექნოლოგიების საქართველოში სწრაფად ინტეგრირებას", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის (EUR/NAT) და ახლო აღმოსავლეთის (MID) რეგიონთაშორისი სემინარი იმართება. ღონისძიება საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემური მართვის (SWIM) აქტუალურ საკითხებს ეთმობა.
სამდღიან სემინარში მონაწილეობენ დელეგატები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებიდან, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებიდან, ასევე მოწვეული სტუმრები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიდან, საჯარო უწყებებიდან და ავიასაწარმოებიდან.