2026 წლის აპრილში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 333.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის აპრილში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 333.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი აპრილის მდგომარეობით 6.47 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
კერძოდ, აპრილში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 333.3 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-აპრილში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 833 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 ივნისს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური - ირაკლი კობახიძე
25.05.2026.13:16
2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები გრძელდება.
„ამ ეტაპზე არ იგეგმება რაიმე ახალი პროცესის დაწყება. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელება ისედაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ეტაპამდე იმის საშუალება, რომ ხელოვნურად არ დავაჩქაროთ პროცესები, თუმცა რაღაც ეტაპზე ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ვფიქრობ, წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ეს ყველაფერი, ძალიან მალევე, უახლოეს თვეებში უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება თანამშრომლობის გაგრძელების კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა.
რაც შეეხება სამუშაოებს, სამუშაოები გრძელდება. იყო ძალიან მცირე პაუზა, რაც იყო განპირობებული ხელშეკრულების გადახედვით და მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ხელშეკრულების პირობები, ფინანსური მხარე. სახელმწიფოს მოუწევს ბევრად ნაკლები ხარჯის გაწევა დაღრმავების სამუშაოებისთვის, ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოებისთვის, ამან წაიღო მცირე დრო, თუმცა შესაბამისი ინტენსივობით გრძელდება სამუშაოები. შესაბამისად 2029 წლისთვის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური. პარალელურად ვმუშაობთ გზაზე, რკინიგზაზე, ესეც არის რეალური პროცესი. სათანადო ვადებში ყველა პროექტი იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.