2026 წლის ბოლოსთვის მშრალი საწყობების მიწოდების 33%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი - Galt & Taggart
ბოლო წლებში საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც განპირობებული იყო სწრაფი ეკონომიკური ზრდითა და ადგილობრივი/საგარეო ვაჭრობის გააქტიურებით. აღნიშნული ესახებ საუბარია Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „საწყობები და ლოგისტიკა თბილისში“.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, მოთზოვნის ზრდა იჯარის ფასების ზრდაშიც აისახა.
„ამის პარალელურად დაჩქარდა მიწოდებაც. თუმცა, თბილისში თანამედროვე საწყობების მიწოდება კვლავ შეზღუდულია და ჩვენი შეფასებით სექტორი ამ მიმართულებით შემდეგი 7-8 წლის განმავლობაში განვითარდება.
ამჟამად თბილისში საწყობების მიწოდება არის 920 ათასი კვ. მეტრი. აქედან, 94% არის მშრალი საწყობები, ხოლო დანარჩენი 6% სამაცივრე მეურნეობები. მიუხედავად იმისა, რომ მშრალი საწყობების მიწოდება 2024 წელს 2020 წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი, არსებული საწყობების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები ან ძალიან დაბალი ხარისხის საწყობებია, რომლებიც მოთხოვნის კრიტერიუმებს ძირითადად არ შეესაბამება. მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და დაანონსებული პროექტების გათვალისწინებით, 2026 წლის ბოლოსთვის მშრალი საწყობების მიწოდების 33%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, საიდანაც უდიდესი ნაწილი მაღალი ხარისხის საწყობებია“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
ირკვევა, რომ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 40 მსხვილი კომპანია, რომლებიც თბილისის ბაზარზე საწყობებზე მოთხოვნის 38%-ს ქმნიან. შედეგებმა აჩვენა, რომ მომდევნო სამ წელში საწყობებზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდება. ამასთან, გამოკითხული კომპანიების უმეტესობა ამ საჭიროებას საკუთარი საწყობების აშენებით დააკმაყოფილებს.
„საწყობებზე გაზრდილი მოთხოვნისა და საოპერაციო ხარჯების მატების ფონზე გაიზარდა იჯარის ფასებიც. 2024 წელს, თბილისში ახალ კონტრაქტებში მშრალი საწყობების საშუალო იჯარა კვადრატულ მეტრზე, გადასახადების გარეშე, $5-6 ფარგლებში მერყეობდა, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამასთან, საწყობის ხარისხის და დანიშნულების გათვალისწინებით იჯარის ვარიაცია მაღალია. მოკლევადიან პერიოდში ფასების არსებულ ნიშნულზე დასტაბილურებაა მოსალოდნელი. თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ფასების დინამიკაზე იმოქმედებს მოთხოვნა/მიწოდების ბალანსი, საოპერაციო ხარჯების დინამიკა და სექტორის რეგულაციები“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
საქართველოში ლოგისტიკის ინდუსტრია განსხვავებული მიმართულებით ვითარდება ევროპულ ანალოგებთან შედარებით. კერძოდ, სასაწყობე და ლოგისტიკური სერვისების აუთსორსინგი ნაკლებად არის გავრცელებული და კომპანიების უმეტესობა ლოგისტიკურ პროცესებს თავისით მართავს. ეს ტენდენცია მაშინ გაჩნდა, როდესაც კომპანიები გაფართოებას იწყებდნენ, თუმცა დიდი და თანამედროვე საწყობების შეზღუდული მიწოდების გამო, იძულებულნი გახდნენ საკუთარი ობიექტები აეშენებინათ. დროთა განმავლობაში, მათ ლოგისტიკის მართვაში საჭირო გამოცდილება და კვალიფიკაცია ჩამოუყალიბდათ, რის შედეგადაც დღეს ისინი ამ პროცესის შიდა მართვას ამჯობინებენ. განვითარებულ ქვეყნებში ამ ფუნქციას ძირითადად 3PL (Third-Party Logistics) პროვაიდერები ახორციელებენ. ეს კომპანიებს საშუალებას აძლევს, სრულად კონცენტრირდნენ თავიანთ ძირითად საქმიანობაზე და არ ჩაერთონ ლოგისტიკის მართვაში. გალტ & თაგარტის გამოკითხვის მიხედვით, ადგილობრივი კომპანიებისგან 3PL სერვისებზე გადასვლის მზაობა არ იკვეთება საშუალოვადიან პერიოდში. ამჟამად საქართველოში ამ სერვისებით ძირითადად საერთაშორისო კომპანიები სარგებლობენ.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია შევქმნათ ბიზნესითვის კონკურენტული, გამჭირვალე და ეფექტური გარემო, რომლის პირობებში მომხმარებელი იღებს არჩევანის მრავალფეროვნებას და საუკეთესო ფასს სამომხმარებლო ბაზარზე - შოთა ბერეკაშვილი
21.11.2026.10:46
თბილისმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის თემატურ პანელზე, რომელიც სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე ფასების გამჭვირვალობისა და ინფორმირებული არჩევანის საკითხს დაეთმო, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სიტყვით გამოვიდა.
შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხედვაზე ისაუბრა სასურსათო ბაზრებზე ფასებსა და ზოგად გამოწვევებთან დაკავშირებით.
„მომხმარებლის დაცვისა და სამომხმარებლო ბაზარზე საუკეთესო ფასის მიღწევისთვის ყველაზე ეფექტიანი გზა ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერებაა და არა ფასების ადმინისტრაციული რეგულირება. ამ მიმართულებით გადამწყვეტია შემდეგი კომპონენტების ერთობლიობა: ჯანსაღი კონკურენცია, პროცესების სისწრაფე, გამჭვირვალობა და მომხმარებლის სრული ინფორმირებულობა“, - აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) სექტორში ფასების ფორმირების ორი ძირითადი მოდელი არსებობს: ყოველდღიურად დაბალი ფასების (Everyday Low Price) და მაღალი-დაბალი ფასების (Hi–Lo) მოდელები.
„კომისიის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას უკავშირდება. ამ მიმართულებით შემუშავებული ელექტრონული პლატფორმის ფარგლებში, 23 საბაზისო პროდუქტზე ფასების შემცირების მექანიზმი ამოქმედდა. სავაჭრო ქსელებს მიეცათ შესაძლებლობა, 23 პროდუქტზე სხვადასხვა ბრენდის როტაციის გზით, მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზონ ხელსაყრელი ფასი და ხარისხიანი პროდუქტი. აღნიშნული მიდგომის შედეგად, საბაზისო პროდუქტებზე ფასები დამატებით, საშუალოდ, 14%-ით შემცირდა. სამომავლოდ იგეგმება პლატფორმის გაფართოება და პროდუქტების ჩამონათვალის გაზრდა“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მისი განცხადებით, გრძელვადიან პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოში დისტრიბუციის ფრაგმენტული სტრუქტურაა, რაც მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობაზე აისახება. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დისტრიბუციის პროცესების ოპტიმიზაციას და გავაძლიეროთ პირდაპირი კავშირები მიმწოდებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის - იქნება ეს იმპორტიორი თუ ადგილობრივი მწარმოებელი. საოპერაციო ხარჯების შემცირება, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, საბოლოო ფასების ოპტიმიზაციაზეც დადებითად აისახება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა, როგორც წარმოების, ისე დისტრიბუციისა და ვაჭრობის ეტაპებზე, ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდას, ბიზნესპროცესების გაუმჯობესებას და კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
რაც შეეხება საშუალოვადიან ნაბიჯებს, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, რომელიც სავაჭრო ქსელებს, იმპორტიორებს, მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობებს უფრო პროგნოზირებადსა და გამჭვირვალეს გახდის. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, რათა მათ მკაფიო და გასაგები პირობები, შემცირებული საოპერაციო დანახარჯები და გასაღების ბაზრებზე პირდაპირი წვდომის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა, 22 ქვეყნის 40-ზე მეტი უცხოელი დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.