2026 წლის განმავლობაში ველოდებით, რომ Brent-ის მარკის ნავთობის ფასი საშუალოდ $60-თან იტრიალებს - TBC Capital
გასული თვის განმავლობაში ნავთობის ბაზარი მედიანიუსებზე იყო დამოკიდებული: ფასები მყისიერად რეაგირებს აშშ-ირანის დაძაბულობაზე, თუმცა რეალური ფიზიკური შეფერხებების არარსებობის გამო, მალევე უბრუნდება საწყის ნიშნულს, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული. ირკვევა, რომ ზოგადი ფონი უფრო სტაბილურია, ვიდრე ამას ფასების მერყეობა აჩვენებს.
„ჩვენი აზრით, რისკის პრემია ეპიზოდურია და არა სტრუქტურული: დაძაბულობამ შეიძლება იფეთქოს, მაგრამ მთავარ მოთამაშეებს წარმოებისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანების თავიდან აცილების ძლიერი სტიმული აქვთ.
მიწოდების კუთხით, მთავარი ყურადღება მიმართულებებზე მახვილდება. რუსული ნავთობის რეალიზაცია გრძელდება, მაგრამ დანიშნულების ბაზრები იცვლება : ინდოეთის მხრიდან მოთხოვნა ოდნავ შემცირდა, მაშინ როცა ჩინეთი უფრო მეტად ითვისებს ფასდაკლებულ ნაკადებს. ეს ამცირებს იმის შანსს, რომ სანქციებმა მყისიერი გლობალური დეფიციტი გამოიწვიოს“, - განმარტებულია თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში.
რაც შეეხება მოთხოვნას, ბაზარი კვლავ მგრძნობიარეა გლობალური ზრდის მოლოდინების ნებისმიერი შერყევის მიმართ - როდესაც მაკროეკონომიკური სენტიმენტი უარესდება, ნავთობის ფასი მხარდაჭერას კარგავს.
რას ვაკვირდებით სამომავლოდ: ნებისმიერ ესკალაციას, რომელიც საზღვაო მარშრუტებს დააზარალებს (მათ შორის აშშ -ის პირდაპირ თავდასხმას ირანზე), OPEC+-ის გზავნილებსა და ერთიანობას, ასევე
წლის განმავლობაში მარაგების ზრდის ნიშნებს.
„ჩვენი საბაზისო სცენარი ფასების ნახტომის შემდეგ კვლავ სტაბილურ ან კლებად დინამიკას გულისხმობს. 2026 წლის განმავლობაში ველოდებით, რომ Brent-ის მარკის ნავთობის ფასი საშუალოდ $60-თან იტრიალებს. ფასის ზრდა კი, ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესების ნაცვლად, ძირითადად მოულოდნელი გეოპოლიტიკური შოკებით იქნება გამოწვეული“, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში.
სხვა სიახლეები
სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებში - ავთანდილ კასრაძე
26.06.2026.14:40
GITA-ს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე წლიდან ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი ოპერირებს, რომელთა მთავარი მიზანი ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე გასვლაა. GITA-ს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ემ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ქსელისა და წამყვან ტექნოლოგიურ გამოფენებში მონაწილეობის პარალელურად, წელს სააგენტო სტარტაპებისთვის ახალ მიმართულებას - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარსაც ხსნის და ამ მიზნით სინგაპურში აქტიურობას გეგმავს.
„ასეთ გიგანტებთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია იმისთვის, რომ ჩვენი სტარტაპები გლობალური ქსელის ნაწილად იქცნენ. გარდა ამისა, წლევანდელი წლიდან საქართველოში უკვე გვყავს ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორი. მათი პროექტების დიზაინი იმგვარად არის შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს ჩვენი სტარტაპების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.
ამ ოთხივე აქსელერატორს უამრავი პარტნიორული ქსელი აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ წინასწარ სწორად განვსაზღვრეთ სტრატეგია, ვინაიდან ზოგიერთი სტარტაპის სამიზნე მიმართულება შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები იყოს, სხვებისთვის კი - ცენტრალური აზია, ევროპული, აზიური თუ აფრიკული ბაზრები. ამ აქსელერატორებთან ერთად ჩვენ დაბალანსებულად შევძელით და ეს გლობალური ნეთვორქი საქართველოში უკვე შემოვიტანეთ.
გარდა ამისა, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად სისტემატურად ვმონაწილეობთ წამყვან საერთაშორისო ინოვაციურ კონფერენციებსა და გამოფენებში. მათ შორისაა Web Summit-ი პორტუგალიაში, CES-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და დუბაის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა. წელს ამ სიას უკვე სინგაპურსაც ვამატებთ, რათა სტარტაპებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანიებს მინიმალური დანახარჯები ჰქონდეთ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, ბაზარზე ტესტირების გასავლელად და შემდგომში ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემაში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა კასრაძემ.