2026 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის II კვარტალში 468.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2 პროცენტით ნაკლებია. კლება ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით.
2026 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 210.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9 პროცენტია. რეინვესტიციამ 300.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 64.1 პროცენტით განისაზღვრა.
წინასწარი მონაცემებით 2026 წლის II კვარტალში პირველ ადგილზეა ჩინეთი 219.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 123.5 მლნ. აშშ დოლარით (26.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე არაბთა გაერთიანებული საამიროები - 47.7 მლნ. აშშ დოლარით (10.2 პროცენტი).
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 83.3 პროცენტს შეადგენს.
წინასწარი მონაცემებით 2026 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 207.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (44.3 პროცენტი). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია 119.9 მლნ. აშშ დოლარით (25.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 59.0 მლნ. აშშ დოლარით (12.6 პროცენტი).
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 82.4 პროცენტი შეადგინა.
სხვა სიახლეები
დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება და ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს - ეს არის სწორედ ის ხედვა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიყოთ შეუცვლელი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი შუა დერეფანში l თამარ იოსელიანი
08.09.2026.14:17
„დღეს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის შემაჯამებელი დღეა, ძალიან წარმატებული ორი დღე გვქონდა", - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მუშაობას.
თამარ იოსელიანის თქმით, ფორუმის ფარგლებში ბათუმში შეიკრიბნენ საერთაშორისო საზღვაო და სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენლები და გაიმართა მსჯელობა იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო სისტემაში ხდება.
„უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი შუა დერეფნის კონტექსტში. საინტერესო დისკუსია გაიმართა, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება დღეს დაკავშირებადობის თვალსაზრისით საქართველოს და შესაბამისად, შუა დერეფანს. ის, რომ საქართველო არის შეუცვლელი პარტნიორი შუა დერეფნის კონტექსტში და ის, რომ საქართველოს აქვს სწორი, თანმიმდევრული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განავითაროს, ზოგადად, სატრანსპორტო სისტემა. გვაქვს 10 წლიანი გეგმა შემუშავებული, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სატრანსპორტო სისტემა და სახელმწიფოს ხედვაა, რომ 2032 წლამდე უნდა დაიხარჯოს დაახლოებით 7 მილიარდი ამერიკული დოლარი იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს არსებული სატრანსპორტო სისტემა და შესაბამისად, გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.
„დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება და ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. ეს არის სწორედ ის ხედვა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიყოთ შეუცვლელი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი შუა დერეფანში", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.