2026 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 147.0 მლნ. ლარს გაუტოლდა - საქსტატი
2026 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 147.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის II კვარტალში 3.0 პროცენტით განისაზღვრა.
2026 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (19.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.4 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (7.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (15.0 პროცენტი).
კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (-4.8 პროცენტი) და სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.5 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.1 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 პროცენტი), მშენებლობა (6.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.4 პროცენტი), განათლება (6.4 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი).
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლა
18.09.2026.16:27
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლა
მინისტრმა სტუმარს რეგიონში უნიკალური სასწავლო - შემეცნებითი და ტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერებინა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სამუზეუმო, საგანმანათლებლო, კვლევით და ბიზნეს კომპონენტებს.
ვიზიტის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2027 წელს საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება, რომელსაც ორგანიზაცია პირველად ჩაატარებს. ფორუმის თემატურ კონფერენციებს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.
ქუთაისის ტექნოჰაბში არსებული სასწავლო პროგრამების, ასევე TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის საქმიანობაზე პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ გამართა. როგორც საუბრისას აღინიშნა, ქუთაისის ტექნოჰაბს გახსნიდან თითქმის 2 თვის განმავლობაში 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, მათ შორის, ქუთაისში ჩამოსული უცხოელი ტურისტები. ხაზი გაესვა, რომ ტექნოჰაბის მიმართ ინტერესი მზარდია და ის ქალაქში ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა.
მარიამ ქვრივიშვილი და შაიხა ნასერ ალ ნუვაისი საერთაშორისო ბაზრებზე გასული ქართული სტარტაპების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და მათთან სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პირობები განიხილეს.
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იმყოფებოდნენ.