2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5 364.5 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა - საქსტატი
საქსტატი განახლებულ პუბლიკაციას ,,საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების ძირითადი მაჩვენებლები - (2026 წლის II კვარტალი)" აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 461 გემი, რომელთა 47.3 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 24.9 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 19.3 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 39.1 პროცენტით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი მიიღო, 34.8 პროცენტით მეტი — კონტეინერმზიდი, 17.3 პროცენტით მეტი — თხევადი ტვირთმზიდი, 2.3 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, სპეციალიზებული კი — 65.0 პროცენტით ნაკლები.
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 19.1 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.2 პროცენტი — თურქეთის, 11.3 პროცენტი — ლიბერიის, 7.2 პროცენტი — მალტის, დანარჩენი 47.3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 54.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 53.2 პროცენტს შეადგენდა.
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5 364.5 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 33.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 47.8 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.5 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 21.7 პროცენტი — ნაყარი ტვირთი.
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი
15.09.2026.23:39
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი".
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.