2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია - მარიამ ქვრივიშვილი
„ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია.
„ეს 30 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით. ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალეობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე. თუმცა, მხოლოდ გენერაციის ზრდა საკმარისი არ არის. ძლიერი ენერგოსისტემისთვის საჭიროა ძლიერი ქსელი" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სისტემა, რომელსაც შეუძლია მეტი ენერგიის მიღება, გადაცემა და უსაფრთხოდ მართვა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, მთავრობამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.
„მიმდინარეობს 14 ელექტროგადამცემი ხაზისა და 4 ქვესადგურის მშენებლობა, რაც, ჯამში, 587 კმ-ზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარებას მოიცავს. ეს არის ენერგეტიკის ის ნაწილი, რომელიც, შესაძლოა, საზოგადოებისთვის ნაკლებად თვალსაჩინო იყოს, მაგრამ რეალურად სწორედ აქ წყდება, რამდენად სწრაფად და რამდენად საიმედოდ განვითარდება მთელი სისტემა" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით - იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებს | მარიამ ქვრივიშვილი
21.11.2026.12:34
„ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ რეგიონულ ახალ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს საქართველოს, ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ აზერბაიჯანში და საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტი მოხდეს თურქეთში და ევროკავშირის ქვეყნებში", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ვარშავაში განაცხადა, სადაც „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის" (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტრიალში მიიღო მონაწილეობა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებში აქტიურად მონაწილეობს.
„საქართველო განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი თანაპარტნიორი და თანამონაწილე და შემქმნელი მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტისა - მწვანე ენერგეტიკული პროექტი და კაბელი, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი აღნიშნული პროექტითაც განვახორციელოთ ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მინისტერიალის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სტრატეგიულ როლზე და მდებარეობაზე, მათ შორის ენერგეტიკული დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
„ჩვენი ქვეყანა ისტორიულად უზრუნველყოფს, დააკავშიროს ევროპა და აზია. ამ კონტექსტში, ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით - იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.