2026 წლის ივლისში ანაკლიის ნავსადგურის განვითარების მოდელი შეიცვალა და ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელი შეირჩა, რომლის ფარგლებშიც ნავსადგური სრულად სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება | ევროკომისიის ანგარიში
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2026 წლის კომუნიკაციის თანმხლები დოკუმენტი – „საქართველოს 2026 წლის ანგარიში“ (Georgia 2026 Report) გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირები და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალია შეფასებული.
ანგარიშში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმდინარეობასა და განვითარების მოდელის ცვლილებაზე, საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებზე სერბეთთან, თურქეთსა და აზერბაიჯანთან, შუა დერეფნის განვითარებაზე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსა და ქვეყნის პოტენციალზე ენერგეტიკის მიმართულებით.
კერძოდ, ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია:
• ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა გაგრძელდა, მათ შორის ფსკერის დაღრმავებისა და ტალღმტეხის მშენებლობის სამუშაოები. 2026 წლის ივლისში განვითარების მოდელი შეიცვალა ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord Port) მოდელით, რომელიც სახელმწიფოს სრულ საკუთრებას ითვალისწინებს. გაგრძელდა საზღვაო ტრანსპორტის დიგიტალიზაცია.
• საქართველო, ზოგადად, ინარჩუნებს კარგ ორმხრივ ურთიერთობებს მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირის გაფართოების პროცესში მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან. 2025 წელს საქართველომ სერბეთთან თანამშრომლობა გააძლიერა მაღალი დონის შეხვედრების გახშირებისა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაფართოების გზით. 2025 წლის დეკემბერში სერბეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
• საქართველო და თურქეთი აგრძელებენ სტრატეგიულ პარტნიორობას მაღალი დონის კონტაქტების გააქტიურებით, მათ შორის 2025 წლის აგვისტოში თურქეთში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტით. ევროკავშირის შემდეგ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია. ორი ქვეყანა თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე გადაზიდვების მოცულობის გაზრდის მიმართულებით. საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი კვლავ მაღალ დონეზე გაგრძელდა, რეგიონული ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით.
• საქართველო ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის (TCTC) გასწვრივ მდებარეობს და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე გააჩნია. ამ დერეფნის შემდგომმა განვითარებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ევროკავშირის მიწოდების ჯაჭვებისა და სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციას, ასევე სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ ინტეგრაციას.
საქართველოს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს რეგიონული ელექტროენერგეტიკული კავშირების განვითარებას, განახლებადი ენერგიის წარმოებასა და ექსპორტს, იმ პირობით, რომ გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და შიდა და რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობები. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსის მინიჭების შესახებ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, რადგან ის ქმნის საფუძველს მომავალში ელექტროენერგეტიკული ურთიერთკავშირების შესაძლო გაძლიერებისთვის.
საქართველოს ასევე აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კრიტიკული ნედლეულის მიმართულებით, როგორც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ მდებარე სატრანზიტო ქვეყანამ, რეგიონულმა გადამამუშავებელმა ჰაბმა და ზოგიერთი სტრატეგიული ნედლეულის, ძირითადად სპილენძისა და მანგანუმის, მიმწოდებელმა. ამ პოტენციალის რეალიზებისთვის საჭიროა ადგილობრივი საბადოების კვლევის, გადამუშავების შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული შეზღუდვების აღმოფხვრა, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკური შეფერხებების შემცირება.
სხვა სიახლეები
25 ნოემბერს, ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება „ბიზნესის დღე“
05.11.2026.16:10
25 ნოემბერს, ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება „ბიზნესის დღე“.
ღონისძიება გააერთიანებს ადგილობრივ მეწარმეებს, შექმნის ახალ საქმიან კავშირებსა და წარმოაჩენს რეგიონის ბიზნესპოტენციალს.
გაიარეთ რეგისტრაცია და გახდით „ბიზნესის დღის“ მონაწილე. განაცხადის ფორმა და დღის წესრიგი იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://events.gedc.ge/