2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით, ანუ 13.1 მლნ აშშ დოლარით მეტია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ივლისში ევროკავშირიდან გადმორიცხულმა თანხამ 153.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ მთლიანი გზავნილების 43.7% შეადგინა. წლიურად გზავნილები კი 2.4%-ით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი წილით კვლავ იტალია, გერმანია და საბერძნეთი გამოირჩევა.
ამასთან, ზრდა დაფიქსირდა სხვა ძირითადი პარტნიორი ქვეყნებიდანაც. აშშ-დან გზავნილები წლიურად 11.2%-ით გაიზარდა და 67.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ისრაელიდან - 21.6%-ით, 29.3 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო თურქეთიდან -21.8%-ით, 12.2 მლნ აშშ დოლარამდე.
2026 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39.0 მლნ აშშ დოლარი (102.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ივლისის მაჩვენებელთან (37.3 მლნ აშშ დოლართან) შედარებით 4.7%-ით მეტია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826