2026 წლის ივლისში შენარჩუნდა არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი - TBC Capital
TBC Capital განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის პულსი - ივლისი 2026" აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის ივლისში შენარჩუნდა არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი. რეგიონების მიხედვით დინამიკა კვლავ არაერთგვაროვანია.
,,2026 წლის ივლისში შენარჩუნდა არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი. ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ მცირედით გადააჭარბა დანახარჯების ზრდას, რაც მიუთითებს რომ აქტივობა კვლავ ძლიერი იყო, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი უმნიშვნელოდ შემცირდა. ტრანზაქციის საშუალო მოცულობით ორივე კატეგორიაში აჭარა ლიდერობდა, მას თბილისი და კახეთი მოსდევდნენ. თბილისში დადებითი დინამიკა ორივე კატეგორიაში შენარჩუნდა. სასტუმროებსა და რესტორნებში გაიზარდა როგორც მთლიანი დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა, ხოლო განსაკუთრებით ძლიერი ზრდა რესტორნების დანახარჯებში დაფიქსირდა. აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სასტუმროებში, სადაც გაიზარდა როგორც მთლიანი დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა . რესტორნებში დანახარჯები მხოლოდ მცირედით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქცია შემცირდა, რაც ტრანზაქციების რაოდენობის მატებაზე მიუთითებს. კახეთში ორივე ხარჯვით კატეგორიაში შემცირდა როგორც მთლიანი უნაღდო დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა . კლება განსაკუთრებით მკვეთრი სასტუმროებში იყო. მოსალოდნელია, რომ აგვისტოს პიკური სეზონი ხელს შეუწყობს აჭარის სასტუმროებში მაღალი აქტივობის შენარჩუნებასა და თბილისში ზრდის გაგრძელებას, რაც კახეთის მიმდინარე უარყოფით დინამიკას დააბალანსებს", - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 5.4%-ით შემცირდა - საქსტატი
17.08.2026.13:21
წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.4 პროცენტით შემცირდა და 820.8 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 380.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 6.2 პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 171.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 5.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.8 პროცენტით შემცირდა და 10.6 მილიონი ფრთა შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 168.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.9 პროცენტით ნაკლებია.
ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 178.2 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია.