2026 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.0 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
2026 წლის მაისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 531.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 7.0 მლრდ დოლარი შეადგინა. მთლიანი საერთაშორისო რეზერვების დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის ე.წ ARA მეტრიკის 100 პროცენტიან დონეს აღემატება და მაისის მდგომარეობით 114.8% შეადგენს.
საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას ახორციელებს და 2026 იანვარ-აპრილში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 833.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, 2026 წლის მაისის წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 25 ივნისს გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაცია გააკეთა და ოქროში ინვესტიციები განახორციელა, რაც ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. მას შემდგომ, ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც დამატებით გაზარდა მთლიანი საერთაშორისო რეზერვი. 2026 წლის მაისის მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან 543.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
2026 წლის მაისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.9%-ს (1043.2 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 ივლისს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს 19.3%-ით გაიზარდა და $1 900.4 მილიონი შეადგინა - საქსტატი
17.08.2026.11:06
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5 პროცენტით აღემატება.
2025 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5 პროცენტი შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 44.4 პროცენტი შეადგინა.
ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები წარმოდგენილია დიაგრამაზე No3. პირველ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 22.4 პროცენტით (426.6 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა აზერბაიჯანი 11.3 პროცენტით (214.4 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - თურქეთი 10.6 პროცენტით (202.4 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 56.8 პროცენტი შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 633.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 33.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 254.7 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ვაჭრობის სექტორი 191.1 მლნ. აშშ დოლარით (10.1 პროცენტი).