მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშში, რეინვესტიციების გამორიცხვით, დადებითი ბალანსი გაიზრდება - TBC Capital

news image
mbc image

რამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა წლის პირველ ნახევარში?

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ ნახევარში რეალურ გამოსახულებაში 7.8%-ით გაიზარდა. ეს 2025 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ 8.6%-ზე მცირედით დაბალია, ხოლო ყოველთვიური წინასწარი შეფასებების მიხედვით გაანგარიშებულ მაჩვენებელს 0.1 პროცენტული პუნქტით (პპ) ჩამორჩება. ჯამური მაჩვენებლის მიღმა, შეიცვალა ეკონომიკურ ზრდაში სექტორების წვლილიც. კერძოდ, განათლების სექტორს, რომლის წვლილი ერთი წლის წინ დაახლოებით 1.8 პპ იყო, 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდაზე პრაქტიკულად არ უმოქმედია, ხოლო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების წვლილი ნახევარზე მეტად შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ვაჭრობისა და ტრანსპორტის ერთობლივი კონტრიბუცია, დაახლოებით, 1.2 პპ-ით გაიზარდა.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა (ICT), რომელიც გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი კომპონენტი იყო, დომინანტური როლი მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც შეინარჩუნა - ამ სექტორზე საბაზისო ფასებში გამოსახული რეალური მშპ-ის ზრდის თითქმის 29% მოდის; ორჯერ მეტი, ვიდრე სიდიდით მომდევნო სექტორის წილი.

აღსანიშნავია, რომ ზრდის კომპონენტები საანალიზო მაჩვენებლის მიხედვით საკმაოდ განსხვავდება. შედარებისთვის, ეკონომიკის მთლიანი გამოშვება დაახლოებით 12%-ით, ხოლო ნომინალური მშპ დაახლოებით 11%-ით გაიზარდა, სხვადასხვა სექტორის ხარჯზე. კერძოდ, თუკი, სასაქონლო ექსპორტის მკვეთრი ზრდის ფონზე, სამთომოპოვებითმა და დამამუშავებელმა მრეწველობამ გამოშვების ზრდის 30% უზრუნველყო, მათი წილი ნომინალური მშპ-ის ზრდაში მხოლოდ 10%, ხოლო რეალური მშპ-ის ზრდაში 6%-ზე ნაკლები იყო. საპირისპიროდ, ჯამურად მომსახურების სექტორებზე რეალური ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 96% მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი გამოშვების ზრდაში მათი წილი 66%-ს შეადგენდა. ამასთან, სოფლის მეურნეობამ და მშენებლობამ ეკონომიკურ ზრდაში უარყოფითი წვლილი შეიტანა.

ამრიგად, ეროვნული ანგარიშების მონაცემები თანხვედრაშია ბიზნესსექტორის მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენს წინა პუბლიკაციაში გაკეთებულ დასკვნებთან: სასაქონლო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებულმა საქმიანობამ ეკონომიკის გამოშვება მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა შუალედური მოხმარების მაღალი წილის გამო ამ ზრდის მხოლოდ მცირე ნაწილი აისახა ადგილობრივ დამატებულ ღირებულებაში. ამასთან, თავად დამატებული ღირებულების ზრდის საგრძნობი ნაწილი ფასების ზრდას უკავშირდებოდა.

საგარეო ვაჭრობის მონაცემები დამატებით ნიუანსზეც მიუთითებს: მართალია, ექსპორტის ზრდაში წამყვან როლს კვლავ სასაქონლო პროდუქცია ასრულებს, მაგრამ უფრო ზოგადი დინამიკაც საკმაოდ მძლავრია. აგვისტოში ექსპორტი წლიურად 24.7%-ით, ხოლო იანვარ-აგვისტოში 22.1%-ით გაიზარდა. ამ ზრდიდან 14.2 პპ, ანუ მთლიანი ზრდის 64%-ზე მეტი, ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა. ოქროს, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და აზოტოვანი სასუქების დამატებით კი, სასაქონლო ჯგუფების ერთობლივმა წვლილმა ექსპორტის მთლიან ზრდასაც გადააჭარბა და მისი 106%, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ამავდროულად, ექსპორტის დარჩენილი ნაწილის სუსტი დინამიკა მთლიანად ავტომობილების რე-ექსპორტის 22%-იან წლიურ კლებას უკავშირდება - აღნიშნული ხუთი სასაქონლო ჯგუფისა და ავტომობილების გამოკლებით, ექსპორტი წლიურად 15.5%-ით გაიზარდა, ძირითადად საკვებისა და სასმელების ხარჯზე.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამური მაჩვენებელი წლიურად 8.0%-ით გაიზარდა (2025 წლის იანვრის ერთჯერადი ფაქტორის გამორიცხვის შემდეგ), საიდანაც ნედლ და გადამუშავებულ ნავთობზე 5.2 პპ, ანუ მთლიანი ზრდის თითქმის 65% მოდის. ნავთობის იმპორტის ზრდა და ავტომობილების იმპორტის 12.5%-იანი კლება ზრდის ჯამურ ტემპზე ერთმანეთის გავლენას თითქმის სრულად აბალანსებს: ნავთობისა და ავტომობილების გამოკლებით, იმპორტი 8.3%-ითაა გაზრდილი, რაც მცირედით აღემატება კიდეც მთლიან მაჩვენებელს, თუმცა ექსპორტის ზემოაღნიშნულ ზრდასთან შედარებით მაინც მნიშვნელოვნად დაბალია.

საყურადღებოა, რომ აგვისტოში ავტომობილების იმპორტში 2026 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა - წლიურად თითქმის 35%. მოკლევადიან პერიოდში ეს სავაჭრო ბალანსს აუმჯობესებს, თუმცა მომდევნო თვეებში ავტომობილების რე-ექსპორტის დინამიკის კიდევ უფრო შესუსტების შესაძლებლობაზეც მიუთითებს. ავტომობილების წმინდა ექსპორტის თვალსაზრისით განსაკუთრებით ძლიერი 2025 წლის შემდეგ, მსგავს განვითარებას თიბისი კაპიტალი მიმდინარე წლის დასაწყისში პროგნოზირებდა, თუმცა მასშტაბზე, სავარაუდოდ, 6 წელზე ძველი ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის ზრდაც აისახა.

ამ ფონზე, ჩვენი შეფასებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში სავაჭრო დეფიციტი მშპ-ის 26.4%-მდე შემცირდა, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.

სხვა წყაროების მხრივ, სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც, ევროკავშირის მიერ გადახდების რუსულ სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად 88%-ით, 5.1 მლნ აშშ დოლარმდე შემცირებამ გამოიწვია. ივლისში რუსეთიდან გზავნილების 97%-ზე მეტი სწორედ ამ სისტემით განხორციელდა. მსგავსი ეფექტი დაფიქსირდა გზავნილებზე ყირგიზეთიდანაც, საიდანაც გზავნილები თვიურად 73%-ით შემცირდა და 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმ ფონზე, რომ ივლისში ნაკადების 66% სწორედ ამ სისტემის გამოყენებით გადმოირიცხა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში რუსეთიდან გზავნილების მსგავსი, 42%-იანი თვიური კლება გამოიწვია Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც, თუმცა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაკადების დიდი ნაწილის სხვა სისტემებზე მიგრაცია დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, წინასწარი ინდიკატორები საკმაოდ მძლავრ დინამიკაზე მიუთითებს. ივლისსა და აგვისტოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ, არარეზიდენტების რეალურმა უნაღდო დანახარჯებმა ზრდა სექტემბერშიც განაგრძო. ამ ფონზე, ბოლო დღეებში მცირე შენელების მიუხედავად, გასულ წელთან შედარებით მომატებული რჩება საქართველოს აეროპორტებში აღრიცხული ფრენების რაოდენობაც. ექსპორტის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაუმჯობესების შედეგად, აგვისტოში საგარეო შემოდინებების ამ ორი მთავარი წყაროდან მიღებული სავალუტო ნაკადები კვლავ გაიზარდა. შესაბამისად, თუკი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პიკზე ტურიზმის დანაკლისს ექსპორტის ზრდა აბალანსებდა, ამჯერად ორივე წყარო მძლავრი დინამიკით ხასიათდება.

საერთო ჯამში, წმინდა სავალუტო შემოდინებების თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი შეფასება, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, აგვისტოში დამატებით გაიზარდა. თავის მხრივ, ეს დინამიკა თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან, რომ 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოსმიმდინარე ანგარიშში, რეინვესტიციების გამორიცხვით, დადებითი ბალანსი გაიზრდება, ხოლო მეორე კვარტლის მონაცემები უკვე სექტემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: 

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007705-macro-update-georgia

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image კომპანია TAV, რომლის კორპორაციულ მმართველობაშიც თურქული კომპანია მონაწილეობს, წარმატებით მართავს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს - საქართველოში თურქეთის ელჩი

24.11.2026.10:04

Business Insider Georgia-მ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუში ელჩი საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არსებულ მდგომარეობაზე, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდის მიზანსა და საქართველოში თურქული ინვესტიციების გაფართოების პერსპექტივებზე საუბრობს. ამასთან, განიხილავს თურქული კომპანიების საქმიანობასა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, ტრანსპორტის, ავიაციისა და განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შუა დერეფნის განვითარებას, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სატრანზიტო და ტურისტულ პოტენციალს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტსა და საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეულ „ლენდლორდის“ მოდელს. ინტერვიუ ასევე მოიცავს რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების, სუფთა ენერგიის დერეფნის განვითარების, ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდისა და ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნის შესაძლებლობებს. ელჩი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობაზე, არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაძლიერებასა და საქართველო–თურქეთის ურთიერთობების სამომავლო პრიორიტეტებზე.

თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. როგორ შეაფასებდით ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობას და რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისთვის?

თურქეთი და საქართველო ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომლებსაც შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ. მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და ხალხებს შორის მჭიდრო კავშირები საშუალებას გვაძლევს, განვავითაროთ ურთიერთობები ისეთ ტრადიციულ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, სატრანსპორტო და სხვა სახის კავშირების განვითარება, განახლებადი ენერგეტიკა, ფინანსები, ტრანსპორტი და ჯანდაცვა. ამასთანავე, შევისწავლოთ თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, მათ შორის ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ცენტრები, განათლება და უმაღლესი განათლება.

საქართველოსთან ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებად იქცა.

სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით მეზობლობის უპირატესობაზე დაყრდნობით, თითქმის ორი ათწლეულია, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ვართ. 2025 წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 3,1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში 2,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

მოხარული ვარ არსებული დინამიკით, თუმცა ამან უმოქმედობისკენ არ უნდა გვიბიძგოს. ვმუშაობთ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდაზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მაჩვენებლების ზრდა და ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღწევა.

რა შესაძლებლობებს ხედავთ საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებისა და სავაჭრო ნაკადების დივერსიფიკაციისთვის? რომელ სექტორებსა და პროდუქციის კატეგორიებს აქვთ შემდგომი ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალი?

ამისთვის ყველა შესაძლებლობა არსებობს, რადგან როგორც თურქეთის, ისე საქართველოს კერძო სექტორი მთელ მსოფლიოში ძალიან აქტიურია. დღეს საქართველოში თურქული კაპიტალით მოქმედი დაახლოებით 3 000 კომპანია საქმიანობას ქვეყნის ყველა რეგიონში აგრძელებს. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი საერთო სავაჭრო მიზნების მიღწევაში, ქმნიან სამუშაო ადგილებს საქართველოში და დამატებით ღირებულებას სძენენ საქართველოს ეკონომიკას.

ორმხრივი ვაჭრობის ზრდის ერთ-ერთი გზა ინვესტიციების გაზრდაა. 2025 წელს თურქეთის პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც თურქეთი მესამე უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი გახდა. გასულ წელს თურქული ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 2,4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

5,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამშენებლო პროექტების განხორციელების გარდა, თურქული სამშენებლო კომპანიები საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართაც დიდ ინტერესს იჩენენ.

სამშენებლო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია. ამ მხრივ, შესაძლებლობებს ვხედავთ თურქული კომპანიებისთვის, რომლებმაც ამ სექტორში საკუთარი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცეს. ფაქტობრივად, სამშენებლო პროდუქცია და სამშენებლო მასალები უკვე თურქეთიდან საქართველოში ექსპორტირებული ძირითადი საქონლის კატეგორიებს შორისაა.

თურქულ კომპანიებს ენერგეტიკის სექტორშიც მსოფლიო მასშტაბის გამოცდილება აქვთ. მჯერა, რომ ისინი მომავალშიც გააგრძელებენ საქართველოს ეკონომიკისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას.

ორმხრივი ვაჭრობის ზრდის ხელშემწყობი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც 2008 წელს შევიდა ძალაში.

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ 2026 წლის მეორე ნახევარში თურქეთიდან საქართველოში მრავალი დელეგაცია ჩამოვიდა და ქართველ პარტნიორებთან ბიზნესის წარმომადგენლებს შორის (B2B) შეხვედრები გამართა. ჩვენი საელჩო ამ ტიპის შეხვედრების ხელშეწყობის ცენტრის ფუნქციას ასრულებს.

თურქულ ბიზნესსა და ინვესტიციებს საქართველოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. რომელი სექტორები იწვევს ამჟამად თურქული კომპანიებისა და ინვესტორების ყველაზე დიდ ინტერესს? არსებობს თუ არა ახალი საინვესტიციო ინიციატივები ან მსხვილი თურქული კომპანიების გეგმები საქართველოს ბაზარზე შესვლის ან საქმიანობის გაფართოების შესახებ?

თურქული ბიზნესსაზოგადოება დიდ ინტერესს იჩენს განახლებადი ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერების მიმართ. ჩვენთვის პრიორიტეტულია თურქული ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი გრძელვადიან საფუძველზე დასრულება და ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობა.

თურქეთი ძლიერი და დივერსიფიცირებული საწარმოო ბაზის მქონე ქვეყანაა, რაც მისი ეკონომიკის სტაბილურ ზრდას განაგრძობს. წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, სამრეწველო წარმოებაში იზრდება საშუალო და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წილიც.

ანალოგიურად, საქართველოშიც შეინიშნება სტაბილური ეკონომიკური ზრდა, რომელსაც თან ახლავს კეთილდღეობის გაუმჯობესება, მოხმარების ზრდა და საჭიროებების გამრავალფეროვნება. ამ კონტექსტში თურქეთს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს მოთხოვნები მრავალ სხვადასხვა სექტორში დააკმაყოფილოს. შესაბამისად, საქართველოს ბაზრის საჭიროებები და პრიორიტეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ მიმართულებების განსაზღვრაში, რომლებშიც თურქული კომპანიები ქვეყანაში საქმიანობენ და ინვესტიციებს ახორციელებენ.

ბოლო პერიოდში თურქული კომპანიები საქართველოში სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობენ ისეთ სექტორებში, როგორებიცაა განახლებადი ენერგეტიკა, საავტომობილო სათადარიგო ნაწილების წარმოება, ჯანდაცვა, წყლის ტექნოლოგიები, ელექტროტექნიკა და ელექტრონიკა.

თურქულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ავიაციის მიმართულებით. როგორ შეაფასებდით მათ წვლილს, განსაკუთრებით TAV Airports-ის საქმიანობას, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს? როგორია შემდგომი ინვესტიციების, აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საქართველოში თურქული ბიზნესის საქმიანობის გაფართოების პერსპექტივები?

საქართველო თურქი მოგზაურებისთვის პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. ყოველწლიურად თურქეთიდან თითქმის ერთი მილიონი ვიზიტორი ჩამოდის საქართველოს ღირსშესანიშნაობების სანახავად. ტურიზმის განვითარების სტიმულირების პირველი ნაბიჯი სატრანსპორტო კავშირების უზრუნველყოფაა.

თურქულმა სამშენებლო-საკონტრაქტო და ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიებმა საერთაშორისო დონეზე ძლიერი რეპუტაცია მოიპოვეს. 2025 წელს თურქეთმა მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა, რადგან მსოფლიოს 250 უმსხვილესი საერთაშორისო კონტრაქტორის სიაში 45 თურქული კომპანია მოხვდა. თურქეთის კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, ტექნიკურ ცოდნაზე, პროფესიულ გამოცდილებასა და ძლიერ სამუშაო დისციპლინაზე დაყრდნობით, ჩვენმა საერთაშორისო სამშენებლო-საკონტრაქტო სექტორმა 138 ქვეყანაში თითქმის 13 000 პროექტი განახორციელა, რომელთა საერთო ღირებულებამ 562 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ამ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით, თურქული კომპანიები მომავალშიც პრიორიტეტად დაისახავენ საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში წვლილის შეტანას და ქვეყანაში მიმდინარე პროექტებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას.

TAV, რომლის კორპორაციულ მმართველობაშიც თურქული კომპანია მონაწილეობს, წარმატებით მართავს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს. TAV-ს უდავოდ შეაქვს წვლილი საქართველოს საჰაერო კავშირების განვითარებაში და მჯერა, რომ მომავალშიც გააგრძელებს ამას.

ასევე უნდა აღვნიშნო Turkish Airlines-ის, Pegasus Airlines-ის, AJet-ისა და SunExpress-ის მნიშვნელოვანი როლი. ტურისტული სეზონის პიკზე ეს ავიაკომპანიები სტამბოლის, ანკარისა და იზმირის აეროპორტებსა და თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს შორის კვირაში 80-ზე მეტ ავიარეისს ასრულებენ.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კავშირია, რომელიც თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს აერთიანებს და უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნისთვის. როგორია თქვენი მოლოდინები რკინიგზის შემდგომ განვითარებასთან, ტვირთბრუნვის მოცულობასა და კომერციულ პოტენციალთან დაკავშირებით? როგორ შეუძლიათ საქართველოსა და თურქეთს რეგიონული ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება?

დღეს საკვანძო სიტყვა დაკავშირებადობაა - conditio sine qua non, ანუ აუცილებელი პირობა სავაჭრო კავშირების სტიმულირებისთვის და, ამავდროულად, საქართველოსთან ჩვენი ვაჭრობის განვითარების განუყოფელი მამოძრავებელი ძალა.

შუა დერეფანი, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის სახელითაცაა ცნობილი, მულტიმოდალური სატვირთო ქსელია, რომელიც მრავალ კონტინენტს აკავშირებს. მისი მულტიმოდალური ხასიათი, რომელიც მოიცავს სარკინიგზო, საავტომობილო სატვირთო და მოკლე მანძილზე საზღვაო გადაზიდვებს, ასევე საზღვაო და შიდა პორტებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტის მხოლოდ ერთი სახეობის გამოყენებასთან შედარებით ოპერაციულ სირთულეს ზრდის.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა (BTK) ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება საქართველოსთან ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები რეგიონული ეკონომიკური შედეგების ზრდად.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ექსპლუატაციის დაწყების შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში ახალქალაქის რკინიგზის სადგურზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მონაწილეობით გამოცხადდა. სრული გამტარუნარიანობის მიღწევის შემდეგ BTK-ის ხაზის წლიურმა სატვირთო გამტარუნარიანობამ 5 მილიონ მეტრულ ტონას მიაღწია. ეს განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გააძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.

გლობალური გამოწვევების ფონზე ეს პროექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, თუ შუა დერეფნის ქვეყნები ეფექტიან თანამშრომლობას შეძლებენ, 2040 წლისთვის შუა დერეფნის გასწვრივ სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ოთხჯერ გაიზრდება, მიწოდების დრო ამჟამინდელი მაჩვენებლის ერთ მესამედამდე შემცირდება, დერეფნის ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდაში წვლილი 3,3%-ს შეადგენს და შეიქმნება 2 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი.

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის, ახალი ხაზების გახსნისა და ახალი მატარებლებისა და ვაგონების შეძენის გეგმების სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამებში შეტანა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პოტენციალზე მიუთითებს.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა გეგმები, რომლის მიხედვითაც 2032 წლამდე პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტების მშენებლობისთვის 7 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა იგეგმება. გამტარუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული ეს პროექტები შესაძლებლობებს ქმნის ამ სფეროებში მოქმედი გამოცდილი თურქული კომპანიებისთვისაც.

ენერგეტიკა საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რა შესაძლებლობებს ხედავთ ელექტროენერგიით ვაჭრობის, ტრანსსასაზღვრო გადამცემი ინფრასტრუქტურისა და განახლებად ენერგეტიკაში ინვესტიციების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისთვის? რამდენად არიან თურქული ენერგეტიკული კომპანიები დაინტერესებული საქართველოში ახალი პროექტების განვითარებით?

საქართველოს მზარდი ეკონომიკა აქვს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეროვნული შემოსავალი საშუალოდ 9%-ით იზრდებოდა. ზემოთ აღნიშნული მასშტაბური სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელება ენერგიაზე ძალიან დიდ მოთხოვნას წარმოშობს.

თურქული ენერგეტიკული კომპანიები საქართველოში ახალი პროექტების განვითარების მიმართ ძალიან აქტიურ ინტერესს ავლენენ და ისტორიულად არსებული ჰიდროენერგეტიკული აქტივების ფარგლებს სცდებიან, რათა განახლებადი ენერგიის მრავალფეროვანი ტექნოლოგიები განავითარონ.

გასულ წლებში თურქულმა კომპანიებმა მზის, ქარისა და ჰიდროელექტროენერგიის მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელეს. ეს კომპანიები დიდი ინტერესით აკვირდებიან ენერგეტიკის სექტორში გამოცხადებულ ახალ ტენდერებს.

რაც შეეხება ტრანსსასაზღვრო გადამცემ ინფრასტრუქტურას, თურქეთი საქართველოსთან მნიშვნელოვან თანამშრომლობას ახორციელებს ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კასპიის რეგიონის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიმართულებით. ბაქო–თბილისი–ჯეიჰანისა და ბაქო–თბილისი–ერზრუმის მილსადენები ამ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ძირითადი კომპონენტებია.

ამასთანავე, 2026 წლის 10 ნოემბერს თურქეთში, ანტალიაში გამართული გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის — COP31-ის ფარგლებში, თურქეთმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს „სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“. შეთანხმების მიზანია ოთხი ქვეყნის გავლით მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების ხელშეწყობა, რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება და გადაცემის მარშრუტების დივერსიფიკაცია. ეს შეთანხმება ჩვენი ენერგეტიკული კომპანიებისთვისაც შექმნის შესაძლებლობებს.

თურქეთი საქართველოს ტურისტული სექტორის მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ტურისტების გამომგზავნი ბაზრის, ისე ქართველი მოგზაურებისთვის ტურისტული დანიშნულების ქვეყნის თვალსაზრისით. როგორ აფასებთ ორმხრივი ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდის პოტენციალს? რა შესაძლებლობები არსებობს საჰაერო კავშირების გაფართოების, ტურიზმში ინვესტიციებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედ ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად?

საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. ამ პარტნიორობას მყარი საფუძველი აქვს, რასაც განაპირობებს საერთო საზღვარი, ღრმა ისტორიული და კულტურული კავშირები, ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები და საზოგადოებებს შორის მჭიდრო კავშირები.

თურქეთი საქართველოში ტურისტების შემოსვლის მიხედვით მეორე უმსხვილესი წყარო ქვეყანაა. 2025 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 18% თურქეთის მოქალაქეებზე მოდიოდა. იმავე წელს საქართველოდან სხვა ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების 36,2%-ის დანიშნულების ადგილი თურქეთი იყო.

საქართველოს შეუძლია უფრო მეტი თურქი ვიზიტორის მოზიდვა თავისი კულტურული მემკვიდრეობით, ბუნებრივი ლანდშაფტებით, სამთო-სათხილამურო კურორტებით, ღვინის ტურიზმითა და გამაჯანსაღებელი ობიექტებით. თავის მხრივ, თურქეთი ქართველ მოგზაურებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, მათ შორის კულტურულ ტურიზმს, ზღვისპირა დასვენებას, შოპინგს, გასტრონომიულ და სამედიცინო ტურიზმს. თურქულ კომპანიებს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ სასტუმროების მართვის, სტუმარმასპინძლობის, მშენებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

ამჟამად ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით (BTK) სამგზავრო გადაყვანების განხორციელებას ტექნიკური დაბრკოლებები არ აქვს. შესაძლებელია ისეთი ტურისტული პაკეტის შემუშავება, რომელიც ანკარიდან გამავალ და ზამთრის სეზონზე თურქ ტურისტებს შორის განსაკუთრებით პოპულარულ „აღმოსავლეთის ექსპრესს“ (Eastern Express) ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის საშუალებით თბილისთან, შემდეგ კი ბაქოსთან დააკავშირებს. ეს ხელს შეუწყობს მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქალაქების ტურისტული პოტენციალის ათვისებას და მთელი წლის განმავლობაში, 365-დღიანი ტურიზმის განვითარებას.

ზოგადად, თურქეთსა და საქართველოს განვიხილავ არა მხოლოდ როგორც მეზობელ ტურისტულ ბაზრებს, არამედ როგორც ურთიერთშემავსებელ ტურისტულ მიმართულებებს, რომლებსაც ერთობლივი განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ.

მომავალ პერიოდში ასევე ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოსთან კულტურული ურთიერთობების გაძლიერებაზე - ქვეყანასთან, რომელთანაც მრავალი საერთო კულტურული ინტერესი გვაკავშირებს. ორივე ქვეყანას ამ პარტნიორობისთვის მყარი საფუძველი აქვს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრის, პოზიციების გაძლიერებასა და შუა დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებაში. როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პროექტის „ლენდლორდის“ (landlord) მოდელით განხორციელების შესახებ?

მჯერა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას შუა დერეფანში. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პორტი გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. 2026 წლის 11–12 ნოემბერს ვეწვიე ბათუმისა და ფოთის პორტებს, ასევე ანაკლიის პორტის პროექტს. ძალიან საინტერესო იყო უშუალოდ, ადგილზე ინფორმაციის მიღება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების ე.წ. „ლენდლორდის“ (landlord) მოდელით განხორციელება გადაწყვიტა. მოდელი ასევე ითვალისწინებს ქვეყნის სარკინიგზო ქსელის სრულ მოდერნიზაციას, ძირითადი საავტომობილო მაგისტრალების გაფართოებასა და ახალი გზების მშენებლობას.

ახალი მოდელის ფარგლებში უცხოურ სუბიექტებსა და კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ტერმინალების ინფრასტრუქტურის მართვის ფუნქციები შეასრულონ. შესაბამისად, ტერმინალები, მათ შორის საკონტეინერო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ტერმინალები, საერთაშორისო პარტნიორებზე იჯარით გაიცემა.

ჩვენ სრულად ვცემთ პატივს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ახალი მოდელის დანერგვის შესახებ. პროექტის განვითარების პარალელურად, კვლავაც გავაგრძელებთ საინვესტიციო შესაძლებლობებზე დაკვირვებას.

როგორ დაახასიათებდით საქართველოს მთავრობასთან, განსაკუთრებით მის ეკონომიკურ გუნდთან თანამშრომლობას ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით? რომელი ძირითადი ეკონომიკური ინიციატივები და საინვესტიციო პრიორიტეტები განიხილება ამჟამად და რა კონკრეტული შედეგების მიღწევას ისურვებდით საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაში მომდევნო წლებში?

ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს საქართველოს მთავრობის ყველა დონეზე. გარდა ამისა, ჩვენი შესაბამისი მინისტრები და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები ძალიან ხშირად მართავენ შეხვედრებს როგორც თურქეთში, ისე საქართველოში. მსურს, განსაკუთრებით აღვნიშნო საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა პროფესიონალიზმი და მეგობრული დამოკიდებულება ყველა დონეზე ამ შეხვედრების მომზადების პროცესში.

თურქეთს სურს, გააგრძელოს აქტიური სავაჭრო და კომერციული ურთიერთობები, განამტკიცოს არსებული კავშირები და შეისწავლოს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები იმ სფეროებში, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პერიოდშიც თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო, კეთილმეზობლური ურთიერთობების დადებით გავლენას ჩვენი ურთიერთობების ყველა მიმართულებით ვიხილავთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა