2026 წლის ოქტომბერში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 235.75 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ოქტომბერში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 235.75 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ოქტომბრის მდგომარეობით 8.25 მლრდ აშშ დოლარს აღწევს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
კერძოდ, ოქტომბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 235.75 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3606.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი
ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი
აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი
სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 248.5 მლნ აშშ დოლარი
ოქტომბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 235.75 მლნ აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826