2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გაიზრდება - მარიამ ქვრივიშვილი
154 წელია, საქართველოს რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა რკინიგზის თანამშრომლებს ერგულებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
„ამ დიდი ისტორიის მთავარი შემოქმედები თქვენ ხართ - ადამიანები, რომლებიც პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და თავდადებით ყოველდღიურად ემსახურებით ჩვენს ქვეყანას. მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი შრომისა და ერთგულებისთვის.
დღეს საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ახალი მენეჯმენტის ეფექტური მუშაობის შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიის მართვაში, გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ეფექტიანობა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა მიმდინარე სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2026 წლის ცხრა თვეში საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და 175 მილიონ ლარს მიაღწია.
„სატვირთო გადაზიდვები 13%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილების დრო განახევრდა.
სწორედ აღნიშნულმა შედეგებმა მოგვცა შესაძლებლობა, 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გავზარდოთ", - განაცხადა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის | მარიამ ქვრივიშვილი
09.10.2026.12:06
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, თამარ იოსელიანს და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს.
„ეფექტიანი და კეთილსინდისიერი მართვისთვის განსაკუთრებული მადლობას ეკუთვნის ჩემს მოადგილეს, ქალბატონ თამარ იოსელიანს, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა აბაშიძე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რკინიგზის თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით სექტორი კიდევ უფრო გაძლიერდება და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თქვენი პროფესიონალიზმითა და თავდადებით, საქართველოს რკინიგზა კიდევ უფრო გაძლიერდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცებაში", - განაცხადა მინისტრმა.