2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით - ლაშა ხუციშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ძირითადი პროგრამების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი მოცულობებით:
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 1 მილიარდ 678 მილიონი ლარი;
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 139 მილიონი ლარი;
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 285 მილიონი ლარი.
მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, პროგრამის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 565 მილიონ ლარს;
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 620 მილიონი ლარი;
ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 100 მილიონი ლარი;
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 300 მილიონი ლარი.
სხვა სიახლეები
ეკატერინე მიქაბაძემ ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
11.11.2026.16:34
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ორგანიზებით გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგებისა და დამოუკიდებელი აუდიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანდო ფინანსური ინფორმაცია აუცილებელია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, რისკების სათანადოდ შესაფასებლად, კორპორაციული მართვის გასაუმჯობესებლად და ეკონომიკური გარემოს მიმართ ნდობის გასაძლიერებლად.
მისი განცხადებით, ფინანსური ანგარიშგების ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროვნული ბანკის საზედამხედველო საქმიანობისთვისაც, რადგან ფინანსური ინსტიტუტების მდგომარეობისა და მათთან დაკავშირებული რისკების შეფასება სანდო, სრულყოფილ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებულ ინფორმაციას მოითხოვს.
“ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგება და დამოუკიდებელი აუდიტი ქმნის იმ სანდო საინფორმაციო საფუძველს, რომელიც აუცილებელია როგორც ბიზნესის, ისე ინვესტორების, კრედიტორებისა და მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობისთვის. გამჭვირვალე და სანდო ფინანსური ინფორმაცია ხელს უწყობს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, რისკების სათანადო შეფასებას, კორპორაციული მართვის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური გარემოს მიმართ ნდობის განმტკიცებას“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და SARAS-ს შორის თანამშრომლობაზე, რომელიც 2020 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გაღრმავდა. თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგად დასახელდა ანგარიშგების ერთიანი პორტალი - Reportal.ge, რომლის საშუალებითაც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ანგარიშებისა და სხვა რეგულირებადი ინფორმაციის გამოქვეყნება შეუძლიათ.
სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გამოსვლისას ასევე ისაუბრა „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ BARTA მნიშვნელობაზე, რომელიც კომპანიებში ხარისხიანი ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
“ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია BARTA. ამ ინიციატივამ წლების განმავლობაში ნათლად აჩვენა, რომ რეგულირების მიზანი მხოლოდ მინიმალური მოთხოვნების შესრულება არ უნდა იყოს. ჩვენი საერთო ამოცანაა კომპანიებში ისეთი კულტურის ჩამოყალიბება, სადაც ხარისხიანი ანგარიშგება და გამჭვირვალობა თავად კომპანიის ღირებულებად იქცევა”, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეჯამდა საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული რეფორმის შედეგები. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის ოთხი პროფესიული ორგანიზაცია დაჯილდოვდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი, SARAS-ის უფროსი დავით მჭედლიძე, პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სხვა სპეციალისტები.