2028 წელს ანაკლიაში მივიღებთ პირველ გემებს და პორტში პირველი ტვირთი შევა - ლევან დავითაშვილი
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე გააკეთა კომენტარი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მისი თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV – სთან ერთად, რომელიც სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ქვეკონტრაქტორია, მოხდა საპროექტო პირობების და დეტალების დაზუსტება, შედეგად, პროექტი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და განხორციელებისას უფრო ეფექტიანი იქნება.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიაში, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინერტული მასალის მობილიზება, ასევე მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები, რომელიც მნიშვნელოვანია პორტის მშენებლობისთვის. მისი თქმით, თვის ბოლომდე დანიაში დაგეგმილია ტალღების ზემოქმედების კვლევის ჩატარება, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება. „სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ის, შესაძლოა, უფრო სწრაფადაც განხორციელდეს,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„ინვესტორის შერჩევის პროცესში გვაქვს პროგრესი. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მნიშვნელოვან საკითხებზე, ჯერჯერობით, ვერ მოგაწვდით ამაზე მეტ ინფორმაციას. მოხდება კონსორციუმის გაძლიერება - მისი შემადგენლობა უფრო სოლიდური იქნება, რაც ამ პროექტს გაამყარებს. მეტ ინფორმაციას თებერვალში მოგაწვდით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობამ პრეტენდენტთან წინადადების დაზუსტების მორიგ თარიღად 2025 წლის აპრილი განსაზღვრა. „მოლაპარაკების დროს პრეტენდენტის მხრიდან ბევრი საკითხი დაისვა. ჩვენ პასუხი გავეცით და მოვითხოვეთ დაზუსტებები. ეს არის სამუშაო პროცესი და დროში პროექტის განხორციელებას არ შეცვლის. 2028 წელს ჩვენ მივიღებთ პირველ გემებს და ანაკლიის პორტში პირველი ტვირთი შევა,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826