საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში 2552 კონცენტრაცია დარეგისტრირდა - GCCA
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 2552 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.
- იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით - 2540 შემთხვევა, წილის მოცულობის გათვალისწინებით ან/და ტრანზაქციებში მონაწილე პირთა ერთობლივი წლიური შემოსავლების შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.
- დარჩენილი 12 შემთხვევიდან 9 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც შესაბამისი პირები სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.
- რაც შეეხება 3 შემთხვევას, სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც მხარეთა მიერ არ შესრულებულა. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიმართ სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო.
ინფორმაციისთვის: სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი/პირები ჯარიმდება.
GCCA-თვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.
2025 წელს, GCCA-იმ 4 კონცენტრაციაზე - FMCG და სამშენებლო სექტორში მოქმედ კომპანიებზე გასცა თანხმობა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826