3 მილიონი ჰექტარი მიწიდან 1 მლნ. დაურეგისტრირებელია - ანუ, ქვეყანაში მიწების 1/3-ზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ არის მისი მესაკუთრე | რატი ბრეგაძე
3 მილიონი ჰექტარი მიწიდან 1 მლნ. დაურეგისტრირებელია. ანუ, ქვეყანაში მიწების 1/3-ზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ არის მისი მესაკუთრე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს და რეგისტრაციას ექვემდებარება დაახლოებით, 3მლნ. ჰექტარი მიწის ფართობი.
„აქ არ იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიები და სატყეო ფონდი. ამ 3 მილიონი ჰექტრიდან 1 მლნ. დაურეგისტრირებელია. ანუ, ქვეყანაში მიწების 1/3-ზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ არის მისი მესაკუთრე: არის ეს ფიზიკური პირი, სახელმწიფო, თუ მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, ამ მრავალწლიანი პრობლემის აღმოსაფხვრელად დავიწყეთ ეს პროექტი, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე მუშაობენ მათი თანამშრომლები.
„ისინი სრულიად უსასყიდლოდ აზომავენ მოსახლეობისთვის მათ მიწის ნაკვეთებს და შემდგომში ხდება ამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
მისივე განმარტებით, მიმდინარე რეგისტრაციის პროცესმა წარმოაჩინა, რომ ძალიან ბევრი სადავო მიწის ნაკვეთია. მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტი 2024 წელს დასრულდება. ამჟამად კი მიწის სისტემური რეგისტრაცია თბილისშიც დაიწყეს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826